გახსოვთ ხამეს როდრიგესი? რა თქმა უნდა, გახსოვთ. კოლუმბიელი მზეჭაბუკი, რომელმაც პირველად 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიბრწყინა.
გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია: ევერტონის ნახევარმცველი კარიერას ყატარში გააგრძელებსო…
ყატარულმა ალ-რაიანმა უკვე შეათანხმა ინგლისურ კლუბთან კოლუმბიელი ვარსკვლავის გადასვლის საკითხი და ამ ამბავს ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოაცხადებსო.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ხამესი ახლოს იყო სტამბოლის ბაშაკშეჰირში გადასვლასთან, მაგრამ თურქეთში თამაში იუარა.
ევერტონის ბანაკში ის 11 სექტემბერს დაბრუნდა. მიმდინარე სეზონში არ უთამაშია. მერსისაიდულ კლუბში ის შარშან მიიყვანა ოდინდელმა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ. მით უმეტეს, რომ კოლუმბიელი თავისუფალი აგენტი იყო.
იტალიელი სპეციალისტი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა, ხამესზე აპირებდა გუნდის აწყობას და „დიდი საქმეების კეთებას.“ თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად დაიწყო. ხამესი ნელ-ნელა გუნდის ლიდერი ხდებოდა. თავადაც გაიტანა რამდენჯერმე და პარტნიორებსაც ამარაგებდა საგოლე პასებით.
მაგრამ მერე ტრავმები მიეძალა. სულ უფრო ხშირად რჩებოდა სათადარიგოთა სკამზე. მეორე წრეში 19-დან 10 მატჩი გამოტოვა. გასულ ზაფხულს კი აჩელოტი მადრიდის რეალში დაბრუნდა და ხამესი აღარავის დასჭირდა. ახალ დამრიგებელ რაფა ბენიტესთან საერთო ენა ვერ გამონახა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთ-ერთ ინტერვოუში თქვა: წარმოდგენა არ მაქვს მომდევნო ტურში ვისთან თამაშობს ევერტონიო.
წასვლა გადაწყვიტა. რამდენიმე კლუბს შესთავაზეს, მაგრამ ზოგი თვითონ იუარა, იგივე ზემოთნახსენები ბაშაკშეჰირი, ზოგმაც დაიწუნა, მაგალითად, სანკტ-პეტერბურგის ზენიტმა.
ახლა კი ბურთაობას ყატარში აპირებს. ხამესი 30 წლისაა და ალბათ კიდევ მოუტანდა სარგებელს რომელიმე ევროპულ გრანდს, მაგრამ პენსიაზე გასვლა არჩია…
არადა, პირველად 2014 წლის ბრაზილიურ მუნდიალზე გაიბრწყინა. ტურნირის ყველა მატჩში (!) გაიტანა. მისი დუბლის წყალობით გავიდნენ კოლუმბიელები მეოთხედფინალში. ურუგვაისთან ულამაზესი გოლი კი ფიფას ვერსიით საუკეთესოდ დასახელდა. მთავარმეგოლის პრიზიც ირგუნა (6 გოლი). მაშინ კოლუბიაში წლის ადამიანად, ასევე ამერიკის წლის სპორტსმენად დაასახელეს. ოქროს ბურთის მოგების კანდიდატადაც განიხილავდნენ.
ცხადია, ბობოლები დაფაცურდნენ და მადრიდის რეალმა ის მონაკოსგან დაახლოებით 80 მილიონ ევროდ იყიდა, ხადაც მთავარი მწვრთნელი ანჩელოტი გახლდათ.
სადებიუტო მატჩშივე მოიგო ტიტული – ეს უეფას სუპერთსის შეხვედრა გახლდათ სევილიას წინააღმდეგ. მერე ორჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში და ამდენჯერვე გახდა ესპანეთის ჩემპიონი. კიდევ არა ერთი ტიტული მოიგო მადრიდელებთან ერთად.
კოლუმბიელმა სამეფო კლუბში ექვს წელიწადს დაჰყო, თუმცა 2017-19 წლებში მიუხენის ბაიერნში გაანათხოვრეს. იქაც ორჯერ იჩემპიონა.
მანამდე პორტუსთან ერთად სამჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი და ევროპა ლიგაც მოიგო.
მისი ტექნიკით, მოედნის ხედვით და საერთოდ, საფეხბურთო ინტელექტით ყველა მოხიბლული იყო.
არადა, ახლა ალ-რაიანი…