საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები ხვალიდან ლისაბონში რაგბი ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე ტურნირის ფავორიტი, მასპინძელთა ნაკრებია. მომდევნო მეტოქე გერმანიაა, ხოლო ბოლოს ლიეტუვას შვიდკაცა რაგბის ნაკრებს ვეთამაშებით. 6 ივნისს პლიე ოფები გაიმართება.
გიორგი შკინინი ჩვენს ნაკრებში, რომელსაც სათავეში ქალთა ნაკრების მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე ჩაუდგა, ყველაზე გამოცდილი, მრავლის ნანახი მორაგბეა. მას როგორც ეროვნულ ნაკრებში, ასევე შვიდკაცა რაგბის ნაკრებშიც მსოფლიოს თასზე უთამაშია.
“ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში გვყავს გერმანიის, პორტუგალიის და ლიეტუვის ნაკრებები. სამწუხაროდ, კოვიდმა ყველაფერზე იმოქმედა და არც ეს ევროპის ჩემპიონატი გამოდგა გამონაკლისი. ოთხმა გუნდმა უარი განაცხადა თამაშზე.
ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ისევ ნაკრებში მოვხვდი. ეს ჩემთვის დიდი პატივია. მჯერა, რომ ასეთი უეცარი რაღაცეები ყოველთვის კარგად მთავრდება. გუნდში ბევრი ახალგაზრდა მორაბეა. ზოგი მათგანი ჩემზე ორჯერ უმცროსია, მაგრმა ძალიან მონდომებულნი და მოტივირებულნი არიან. ამ ტურნირზე იმისთვის მივდივართ, რომ სიამოვნება მივიღოთ და რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგოთ”.
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები
ლევან ნარიმანიძე (ხარები), პაატა ბურჭულაძე (ხარები), ალექსანდრე კალმახელიძე (არმაზი), ლუკა მატკავა (არმაზი), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი), გიორგი ყუფარაძე (იუნკერები), გიორგი შკინინი (ლოკომოტივი), ლევან ქუშაშვილი (ყაზბეგი), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), ნიკოლოზ ბაგაშვილი (ლელო), ნიკო ტაბაღუა (არმაზი).