ხვიჩა კვარაცხელია: ნაპოლიში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში

ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ნაპოლიში თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში. მან ისიც თქვა, რომ გულშემატკივრების მადლობელია.

“ნეაპოლელები ფეხბურთით ცხოვრობენ, ამას იტალიაში ჩამოსვლიდან პირველივე დღეს მივხვდი. როცა პირველად ნაპოლის ბაზაზე მივედი, თავი პროფესიონალ ფეხბურთელად ვიგრძენი. აქ ჩვენგან ბევრს ელიან, ამიტომ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ვიმუშაოთ. გულშემატკივრების მადლობელი ვარ, რადგან მათ ძალიან ვუყვარვარ. ნეაპოლელები და ქართველები ერთი რამით ვგავართ ერთმანეთს. ოჯახი ჩვენთვისაც პირველ ადგილზეა და მათთვისაც. ამიტომაც ამ კლუბში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში.” – ციტირებს კვარაცხელიას სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში წელს ზაფხულში გადავიდა. იტალიელთა რიგებში მან 17 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ნაპოლი სერია ა-ში 41 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე ადგილოსან მილანს 8 ქულით უსწრებს. ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში არიან, სადაც აინტრახტს შეხვდებიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *