ტელეკომპანია იმედის გადაცემაში “ნოესთან” სტუმარი ხვიჩა კვარაცხელია იყო. 20 წლის შემტევმა არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ჩრდ. მაკედონიასთან თამაში, მამუკა ჯუღელი, ლოკომოტივიდან რუბინში გადასვლა, კრიშტიანუ რონალდუს ფაქტორი…
“დინამოსთან დაკავშირებით ბევრი კარგი მახსენდება. 16 წლის ვიყავი როცა დებიუტი მქონდა, მალე პირველი გოლიც გავიტანე. დიდი კონკურენცია იყო და ბევრი თამაში არ მიწევდა.
ჩემს ცხოვრებაში პირველი დიდი წყენა მაშინ მივიღე როცა ლოკომოტივი დავტოვე. მამუკა ჯუღელმა დამირეკა და მითხრა, რომ სიტუაცია შეიცვალა. ისეთ კონტრაქტზე ითხოვდნენ ხელის მოწერას, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელს არ აწყობდა. მითხრეს, რომ თუ ხელშეკრულებას არ გავაფორმებდი, შემეძლო გუნდი დამეტოვებინა. ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი, რადგან არ მინდოდა იური სიომინისგან წავსულიყავი. ისეთ დროს მენდო როცა ნდობა ძალიან მჭირდებოდა.
ყველაზე მეტად წყობიდან მაკედონიის თამაშამდე და თამაშის შემდეგ ვიყავი. ეს დღეები ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო. ეს თამაში რომ მეთამაშა აუცილებლად მოვიგებდით, რადგან მაშინ მაგარ ფორმაში ვიყავი. ბევრი რამის გაკეთება შემეძლო, ტანიდან ამოვხტებოდი და მაქსიმუმს გავაკეთებდი, რომ მოგვეგო.
მამუკა ჯუღელი ჩემთვის ოჯახის წევრია. ბავშვობიდან საფეხბურთო ყურადღებას მაქცევდა. როცა აგენტთან თანამშრომლობას იწყებ, ყველა ფეხბურთელი მასთან კონტრაქტს აწერს ხელს. მე არ ვიცი ფეხბურთელი, რომელიც მამუკასთან მუშაობს და ჯუღელთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული. მას ძალიან ვენდობით. კარიერის თვალსაზრისით ჩემთვის ყველაზე მეტი სწორედ მამუკა ჯუღელმა გააკეთა. როცა რამე შემოთავაზებებია, მამუკას ვეუბნები, რომ ყველაფერი არ მითხრას, რადგან ზოგი რამ ძალიან მოქმედებს ჩემზე. რეალური მოლაპარაკებები გვქონდა იუვენტუსთან, თუმცა არ გამოვიდა. ტურინელთა ხელმძღვანელობაში ცვლილებები იყო და ტრანსფერი არ შედგა.
რა თქმა უნდა ძალიან გულდაწყვეტილი ვარ იმ პოლიტიკური ვითარების გამო რაც საქართველოს და რუსეთს შორის არის, თუმცა სპორტი და პოლიტიკა განსხვავდება ერთმანეთისგან. მე ფეხბურთელი ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ.
ფეხბურთელისთვის მთავარი შრომაა. ამ მხრივ სამაგალითო კრიშტიანუ რონალდუა. ვერ ვიტყვი რომ დამატებით მასსავით ბევრს ვვარჯიშობ, თუმცა ვარჯიშის შემდეგ მეც ვრჩები ხოლმე ბაზაზედა ინდივიდუალურად ვმუშაობ. რონალდუ ჩემთვის სამაგალითოა, მის ვიდეოებს ხშირად ვუყურებ.”-განაცხადა კვარაცხელიამ.