ჩემპიონთა ლიგაში მორიგი 1/8 ფინალები გაიმართა. მადრიდის რეალმა ენფილდზე ლივერპულს 5:2 მოუგო, ნაპოლიმ კი ფრანკფურტში აინტრახტი 2:0 დაამარცხა.
აინტრახტი – ნაპოლის დაპირისპირება სტუმართა უპირატესობით დაიწყო და მთელი მატჩი ასე გაგრძელდა. ერთ-ერთი გამორჩეული იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც საგოლე გადაცემა გააკეთა. მას თავადაც შეეძლო გატანა, თუმცა პენალტი გააფუჭა. ანგარიში ვიქტორ ოსიმენმა გახსნა, მეორე ბურთი კი ხვიჩას პასით ჯოვანი დი ლორენცომ გაიტანა. კვარაცხელიამ Whoscored.com-ზე 7.3 შეფასება მიიღო. აქვე გეტყვით, რომ ნაპოლი – აინტრახტის განმეორებითი მატჩი 16 მარტს იტალიაში გაიმართება. დღევანდელი მატჩის დიდი ნაწილი აინტრახტმა დანაკლისით ითამაშა. 58-ე წუთზე კოლო მუანმა წითელი ბარათი მიიღო.
რაც შეეხება ლივერპული – რეალის დაპირისპირებას, მაყურებელმა ბრწყინვალე მატჩი იხილა. უხეში შეცდომები, ლამაზი გოლები, ქამბექი… ლივერპული მე-14 წუთზე ნუნიესის და სალაჰის გოლებით 2:0-ს იგებდა, თუმცა საბოლოოდ 5 ბურთი გაუშვა და განადგურდა. მადრიდელთაგან 1 გოლი ედერ მილიტაომ გაიტანა, ვინიციუს ჯუნიორმა და კარიმ ბენზემამ კი დუბლები შეასრულეს. ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 16 მარტს მადრიდში გაიმართება.