მსოფლიო ჩემპიონატზე, მე-3 ადგილისთვის მატჩში, ხორვატიამ მაროკო დაამარცხა (2:1). ევროპელები ამ შეხვედრაში დომინირებდნენ და ბრინჯაოს მედლები დამსახურებულად მოიპოვეს.
პირველ 10 წუთში უკვე ორი გოლი ვიხილეთ – მე-7-ზე, მაგარი თავურით, ანგარიში იოშკო გვარდიოლიმ გახსნა, რომელსაც მე-9-ზე აშრაფ დარიმ უპასუხა. როგორი იყო მიმდინარეობა? ხორვატიას ბურთი ეჭირა, სახიფათოდაც უტევდა, მაროკო კი თავის შანსს კონტრ-შეტევებზე ეძებდა.
42- წუთზე ამ მატჩის მშვენება შედგა – მისლავ ორსიჩმა, მარცხენა ფლანგიდან, ბრწყინვალედ დაარტყა და ბურთი კარში ძელიდან ასხლეტით შევარდა. ამ გოლს საუკეთესოობაზე პრეტენზია ექნება.
თამაშიც ასე მორჩა. მსაჯის დამატებულ ბოლო წუთზე, ენ ნესირიმ თავით დაარტყა, მაგარი შანსი იყო, მაგრამ აფრიკელებმა ვერ გაათანაბრეს.
მატჩის გმირი
აქ ბევრი ფეხბურთელი შეიძლება ითქვას, მაგრამ გოლის ავტორი – მისლავ ორსიჩი გამოვარჩიეთ. ბოლოს და ბოლოს, ეს გოლი ტურნირზე ერთერთი საუკეთესო იყო…