NBA-ს რეგულარული გათამაშების მორიგ მატჩში „მემფისმა“ საკუთარ არენაზე უმასპინძლა „ლეიკერსს“ და ჯა მორანტის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე მეტოქე 104-99 დაამარცხა.
„გრიზლისის“ გამთამაშებლის ანგარიშზე 41 ქულა და 10 მოხსნა იყო, რომელმაც გადამწყვეტ მომენტებში ულიდერა საკუთარ გუნდს და სეზონში 22-ე გამარჯვება მოაპოვებინა.
შეხვედრის უკეთესი სტარტი „ლეიკერსს’ გამოუვიდა – შესანიშნავ ფორმაშია ლებრონ ჯეიმსი(37 ქულა+13 მოხსნა+7 პასი), რომელმაც საწყისი წუთებიდანვე ქულები უხვად დააგროვა და პირველი მეოთხედი საკუთარ გუნდს 30-23 მოაგებინა.
მეორე პერიოდში დესმონდ ბეინი „აფეთქდა“, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდში ზუსტად „გაისროლა“ და დიდ შესვენებაზე „მემფისი“ 6 ქულიანი ჩამორჩენით გავიდა 48-54.
მეორე ტაიმში 3 წამიანი ზონა „მოაოხრა“ რასელ ვესტბრუკმა(16 ქულა, 10 მოხსნა, 12 პასი), რომელმაც ‘საღებავში“ უსწრაფესი შესვლებით სისხლი გაუშრო მასპინძლებს და „ლეიკერსის“ ლიდერობამ მაქსიმალურს მიაღწია +14(80-66). სტუმრებმა მესამე პერიოდში 6 სამქულიანიც ჩააგდეს, საიდანაც 3 ლებრონის ანგარიშზე გახლდათ.
მეოთხე მეოთხედის წინ , ჯა მორანტის კარგი თამაშის ფონზე „მემფისმა“ ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა 83-78, თუმცა „ლეიკერსი“ გაჭირვებით მაინც ინარჩუნებდა ლიდერობას.
მეოთხე პერიოდში ძირითადად ვეტერანებით დაკომპლექტებულ კალიფორნიულ გუნდს დაღლა დაეტყო, რითაც მყისიერად ისარგებლეს მასპინძლებმა 92-93-ზე ტაიუს ჯონსმა ახლო დისტანციიდან „ფლოატერი“ ჩააგდო, რითაც „გრიზლისი“ გალიდერდა.
მასპინძლებმა აღებული ტემპი აღარ დააგდეს და ჯა მორანტის ზუსტი სამქულიანების ფონზე უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდეს 99-93. „მემფისმა“ დამაჯერებლად შეინარჩუნა მოპოვებული ჰანდიკაპი საფინალო სირენამდე და სეზონში 22-ე გამარჯვება იზეიმა (აქვს 14 მარცხი), ხოლო „ლეიკერსმა“ ბოლო 7 მატჩიდან 6 წააგო და კალიფორნიული გუნდის კრიზისი გრძელდება.