მიმდინარე სეზონში „ბოსტონი“ საკუთარ თავს არ გავს – გუნდმა ვერ დაიჭირა საჭირო სათამაშო რიტმი და ჯერჯერობით მოგება/წაგების უარყოფით ბალანსზე იმყოფება 18/19.
კოვიდ პანდემიის გამო „სელტიქსმა“ ჯეისონ ტეიტუმი დაკარგა, მის გარეშე კი „ბოსტონმა“ უკანასკნელი 4 მატჩიდან 3 წააგო და ისედაც ცუდი მდგომარეობა კატასტროფულს მიუახლოვა.
ლეგენდარული ფრენჩაიზის რიგებში ტატუმის არყოფნაში ვინმეს უნდა აეღო ლიდერობა საკუთარ თავზე და ეს ჯეილინ ბრაუნმა გააკეთა, რომელმაც „ორლანდოსთან“ მატჩში კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩაუგდო რა მეტოქეს 50 ქულა და პირადად მოაგებინა ეს მატჩი „ბოსტონს“ დამატებით დროში 116-111.
შეხვედრის პირველი მეოთხედი „სელტიქსის“ უპირატესობით წარიმართა – ბრაუნის ზუსტი სროლების ფონზე მასპინძელმა გუნდმა ანგარიშში ლიდერობა მოიპოვა 28-19.
მეორე პერიოდში უკვე სტუმრები გააქტიურდნენ – შეცვლაზე შემოსულმა ტერენს როსმა (33 ქულა მატჩში) ახლო და შორი დისტანციებიდან დაბომბა მეტოქის კალათი და „მეჯიქმა“ მატჩის პირველი ნახევარი მხოლოდ 3 ქულით წააგო 42:45.
მეორე ტაიმის სტარტზე ფრეზიეს ზუსტი სამქულიანით „ორლანდომ“ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შემდეგ უკვე ლიდერობაც ხელთ იგდო. 3 წამიან ზონაში დომინირებდა ვენდელ კარტერ ჯუნიორი, რომელმაც სოლიდური ორმაგი დუბლი გაშანსა – 15 ქულა, 16 მოხსნა, 7 პასი. მშვენივრად გამოიყურებოდა გარი ჰარისიც (23 ქულა) და სტუმრებმა მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 14 ქულიანი ჰანდიკაპიც მოიპოვეს 96-82.
მაშინ, როდესაც ყველამ იფიქრა, რომ „ბოსტონი“ ამ მატჩსაც წააგებდა, ჯეილინ ბრაუნი „აფეთქდა“ – „სელტიქსის“ ლიდერმა მეოთხე მეოთხედში 21 ქულა ჩაუგდო მეტოქეს და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა.
დამატებით 5 წუთეულში ფსიქოლოგიური უპირატესობა უკვე მასპინძელთა მხარეს იყო, რომელთაც ოვერტაიმი 16:11 მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმეს 116:111.