სეზონის წინ „ლეიკერსი“ NBA-ს ჩემპიონობის ერთერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნეოდა, თუმცა რეგულარულის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ გუნდს ძალიან დიდი პრობლემები აქვს და ჯერჯერობით მოგება/წაგების უარყოფით ბალანსზეა 17/18.
NBA-ს მორიგი სათამაშო დღე ტექსასში გაიხსნა, სადაც „ჰიუსტონი“ „ლეიკერსს“ მასპინძლობდა. კალიფორნიულ გუნდს 5 მატჩიანი წაგებათა სერია გააჩნდა და ძალიან სურდა გამარჯვების მოპოვება.
„ლეიკერსმა“ ძალიან მოინდომა – ლებრონ ჯეიმსის(32 ქულა+11 მოხსნა+11 პასი) და რასელ ვესტბრუკის(24 ქულა+12 მოხსნა+10 პასი) სამმაგი დუბლების წყალობით მეტოქე 132-123 დაამარცხა და 16 დეკემბრის შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა.
კარიერაში პირველად ლებრონი სასტარტო ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე იყო გამწესებული და „მეფე ჯეიმსმა“ რათქმაუნდა თავი არც აქ შეირცხვინა – ენტონი დევისის არყოფნაში „King”-მა ყველაფერი იდეალურად გააკეთა და ლომის წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში.
„ჰიუსტონი“ ახალგაზრდული გუნდია, რომლის ლიდერიც 2021 წლის დრაფტზე მეორე ნომრად არჩეული ჯეილინ გრინია. 19 წლის თინეიჯერის ზუსტი სროლების ფონზე „როკეტსმა“ პირველი მეოთხედი 35-34 მოიგო, მეორე პერიოდში უკვე ლებრონის დომინაცია იყო – 33-24.
მესამე მეოთხედის ბოლოს და მეოთხეს დასაწყისში „ლეიკერსმა“ 11:0 გაქცევა მოაწყო და საკუთარი ლიდერობა 103-92-მდე გაზარდა.
კრიტიკულ მომენტში მასპინძლებს „მაშველ რგოლად“ ისევ გრინი მოევლინა(24 ქულა მატჩში), რომელმაც ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო და „ჰიუსტონი“ თამაშში „დააბრუნა“. 3 წამიანი ზონიდან რამდენიმე „სლემ დანქი“ შეასრულა კრისტიან ვუდმაც(22 ქულა მატჩში) და კალიფორნიული გუნდის ლიდერობა „ჩამოდნა“ 105-102.
გადამწყვეტ მომენტში ისევ ლებრონის და ვესტბრუკის შთამბეჭდავი თამაშის ფონზე „ლეიკერსმა“ 9 ქულამდე გაზარდა საკუთარი უპირატესობა და საფინალო სირენამდე შეინარჩუნა კიდეც ეს ჰანდიკაპი 132-123.