NBA-ში ჯეიმს ჰარდენის შოუ გრძელდება. ლიგის „ბაბუაწვერამ“ ჯერ შობის საღამოს „ლეიკერსი“ გაანადგურა, ახლა კი მორიგი კალიფორნიული გუნდის ჯერიც დადგა – ჰარდენმა „კლიპერსს“ 39 ქულა ჩაუგდო და ფაქტიურად მარტომ მოუგო თამაში.
„ბრუკლინთან“ გასამართ შეხვედრას მასპინძლები მძიმე მდგომარეობაში შეხვდნენ, რადგან სხვადასხვა სახის ტრავმების გამო არ ყავდათ გუნდის ლიდერები – კავაი ლეონარდი და პოლ ჯორჯი, მათ გარეშე კი „კლიპერსის“ პოტენციალი ძალიან დაბლა იწევს.
დანაკლისი ქონდა „ნეთსაც“ – კორონავირუსის გამო არ თამაშობდა ლიგის მთავარი მექულე კევინ დურანტი, არ იყო ლამარკუს ოლდრიჯი, კაირი ირვინგი ჯერჯერობით ისევ აცრის გარეშეა.
თუმცა „ბრუკლინს“ ერთი სუპერ ვარსკვლავი მაინც ყავდა მწყობრში – ჯეიმს ჰარდენი, რომელმაც პირადად გადაწყვიტა შეხვედრის ბედი.
„ბაბუაწვერას“ ზუსტი სროლების და 15 შედეგიანი გადაცემის ფონზე „ნეთსმა“ საწყისი სამი მეოთხედი მოიგო 38:33, 33:22, 30:26 და უკანასკნელ 12 წუთეულს 20 ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდა 101:81.
თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დიდი მოტივაციით თამაშობდა ბლეიკ გრიფინი, რომელმაც 16 წუთში 12 ქულა+9 მოხსნა დააგროვა.
პირველ ტაიმში პატ მილს არ წაუვიდა თამაში, სამაგიეროდ მატჩის მეორე ნახევრიდან პერიმეტრიდან გაისწორა მიზანი და მეტოქეს 6 სამქულიანი ჩაუგდო.
„ბრუკლინმა“ ლიდერების გარეშე დარჩენილი „კლიპერსი“ 124:108 დაამარცხა და სეზონში 23-ე გამარჯვება მოიპოვა, კალიფორნიული გუნდის მდგომარეობა კი კიდევ უფრო დამძიმდა – ტაირონ ლუს გაწვრთნილ „კლიპერსს“ მომდევნო 19 მატჩიდან 14 სტუმრად უწევს, პოლ ჯორჯის და კავაი ლეონარდის გარეშე დარჩენილ კალიფორნიულ გუნდს კი სერიოზული საშიშროება აქვს, რომ საპლეიოფო ზონა დატოვოს.