ცნობილმა საკალათბურთო მწვრთნელმა და ამჯერად ESPN-ის კომენტატორმა ჯეფ ვან განდიმ საკუთარი აზრი გამოთქვა, თუ რატომ არ მოსწონს „ბრუკლინის“ გამთამაშებლის – კაირი ირვინგის პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
„იცით რა არ მაძლევს მოსვენების საშუალებას? კაირის სიტყვები „მე ჩავატარე დამოუკიდებელი გამოკვლევა კორონავირუსზე“. რას ნიშნავს საერთოდ ეს სიტყვები? ექიმი ხარ? მეცნიერი? – ირვინგი დღე და ღამე ლაბორატორიაში ზის და იქ ატარებს ცდებს?
ნბა-ს გარეთ არსებობენ ბევრად უფრო ჭკვიანი ადამიანები – ექიმები და მეცნიერები, რომლებიც ატარებენ ცდებს და გამოკვლევებს. მათმა მუშაობამ შედეგი უკვე გამოიღო, კაირისამ კი არანაირი“ – განაცხადა ვან განდიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნეთსის“ გამთამაშებელი კაირი ირვინგი ისევ უარობს კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებას და ამ მიზეზის გამო მოუწევს „ბრუკლინის“ ყველა საშინაო მატჩის გამოტოვება.