NBA-ს რეგულარული სეზონის დღის ცენტრალური მატჩი მილუოკიში შედგა. ერთმანეთს აღმოსავლეთ კონფერენციის გამორჩეული გუნდები დაუპირისპირდნენ – “ბაქსი” “ფილადელფიას” წინააღმდეგ.
“ფილა” ისევ ჯეიმს ჰარდენის გარეშე ასპარეზობს, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს და მხოლოდ “ოლ სტარის” დასრულების შემდეგ დაუბრუნდება მოედანს.
მატჩის პირველი მეოთხედი მასპინძლებმა მოიგეს 27:24- მოედანზე ბრწყინავდა იანის ანტეტენკუმპო (32 ქულა, 11 მოხსნა, 9 პასი).
მეორე პერიოდში უკვე ჯოელ ემბიდის “ზეობის ხანა” დადგა(42 ქულა, 14 მოხსნა, 5 პასი), რომელმაც ახლო და შორი დისტანციებიდან “ააოხრა” მეტოქის კალათი. შესაბამისად “ფილადელფიამ” მეორე მეოთხედი 45:34 მოიგო და დიდ შესვენებაზე ლიდერად გავიდა.
მესამე მეოთხედის მსვლელობისას “მილუოკი” მეტოქეს 15 ქულით ჩამორჩა, თუმცა მოქმედმა ჩემპიონებმა დროულად მოახერხეს გამოფხიზლება. მათ მეთოდურად შეამცირეს მეტოქესთან ჩამორჩენა, ხოლო ძირითადი დროის დასრულებამდე 5:47 წამით ადრე ჯრუ ჰოლიდეის სამქულიანით წინაც გავიდნენ .
თანაგუნდელს მხარი დროულად აუბა იანისმა, რომელსაც ასევე 3 ქულიანი შეტევა გამოუვიდა და სხვაობა უკვე 4 ქულიანი იყო 116-112.
“76-ერსმა” მეტოქის ამ მიძალებას 8-0 გაქცევით უპასუხა და ისევ დაიბრუნა ლიდერობა.
შეხვედრის დასრულებამდე 9 წამით ადრე კრის მიდლტონმა ანგარიშის გამთანაბრებელი 3 ქულიანი ვერ ჩააგდო და თითქოს ამით ყველაფერი დასრულდა, თუმცა თურქმა ფურკან კორკმაზმა მარტივ სიტუაციაში სუსლელურად დაკარგა ბურთი და მეტოქეს შეხვედრის “შემობრუნების” შანსი დაუტოვა – თამაშის გადარჩენის მცდელობა ნომერი ორი კრის მიდლტონისგან, რომელიც ამჯერადაც არაზუსტი გამოდგა და საფინალო სირენის ხმაც გაისმა – 123-120 “ფილადელფიას” დამსახურებული გამარჯვება.
სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე მხოლოდ 2 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 1 მოხსნა იყო.
მოპოვებული გამარჯვების ფონზე “ფილადელფია” 35 მოგებით და 23 მარცხით აღმოსავლეთში მესამე ადგილზეა, ხოლო “მილუოკი” მეხუთე პოზიციამდე ჩამოვიდა (36 მოგება, 24 მარცხი).