NBA-ს რეგულარული სეზონი გრძელდება. „შარლოტმა“ საკუთარ არენაზე „ფილადელფიას” უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 124:127 დამარცხდა.
„ჰორნეტსი“ მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდა – კორონავირუსის გამო არ იყვნენ ლამელო ბოლი, ტერი როზიე, მეისონ პლამლი და იშ სმიტი. მიუხედავად ასეთი პრობლემებისა მასპინძლებმა შეხვედრა ბრწყინვალედ დაიწყეს და საწყისი მეოთხედი 34:23 მოიგეს.
მეორე პერიოდში უკვე „ფილას“ ლიდერი – ჯოელ ემბიდი ათამაშდა საუცხოოდ, რომელმაც როგორც შორი, ასევე ახლო დისტანციებიდან „აიკლო“ მეტოქის კალათი. მეორე მეოთხედში სტუმრებმა 44 ქულა ჩააგდეს და დიდ შესვენებაზე 5 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ 67:62.
მეორე ტაიმიც თანაბარ ბრძოლაში წარიმართა – ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა დიდი ანგარიშით წინ გასვლას, არაერთხელ დაფიქსირდა ლიდერის ცვლილება.
მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 29.4 წამით ადრე ჯოელ ემბიდმა გაათანაბრა ანგარიში 119:119. „შარლოტმა“ მოსაგებად „გაიწია“ – მაილს ბრიჯესმა შეტევისთვის განკუთვნილი 24 წამი ბოლომდე გამოიყენა და სირენასთან ერთად ესროლა სამქულიანი, თუმცა ააცილა. კემრუნელ ცენტრს ქონდა შანსი ძირითად დროში მოეტანა გამარჯვება „ფილასთვის“, თუმცა მისი ნასროლიც არაზუსტი გამოდგა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.
დამატებით 5 წუთში ლიდერობა საკუთარ თავზე ისევ ემბიდმა აიღო, რომელმაც საკუთარი გუნდის 8 ქულიდან 6 ჩააგდო და პირადად მოაგებინა ეს მონაკვეთი 8:5. საბოლოოდ 127:124 „ფილადელფიას“ რთული გამარჯვება.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯოელ ემბიდი გახდა, რომლის ანგარიშზეც 43 ქულა(სეზონის საუკეთესო შედეგი), 15 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა იყო. ასევე ორმაგი დუბლი ქონდა ტობაიას ჰარისს – 21 ქულა+11 მოხსნა, მშვენივრად იასპარეზა სასტარტო ხუთეულში „ამოწეულმა“ შეიკ მილტონმა – 16 ქულა.
„შარლოტის“ რიგებში ბენეფისი მოიწყო კელი უბრე ჯუნიორმა, რომელმაც 6 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 35 ქულით დაასრულა. მასპინძელთა რიგებში შვიდმა კალათბურთელმა შეძლო 11+ ქულის დაგროვება, თუმცა „ჰორნეთსი“ წაგებისგან ვერც ამ ფაქტმა იხსნა.
„ფილადელფიამ“ და „შარლოტმა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში ადგილები გაცვალეს – „76-ერსი“ 13 მოგებით და 11 მარცხით მეშვიდე პოზიციაზეა, ხოლო „ჰორნეთსი“ 14 მოგებით და 12 მარცხით მერვე ადგილამდე ჩამოქვეითდა.