ჯოკოვიჩის მე-12 ნახევარფინალი US OPEN-ზე

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა US OPEN-ის მეოთხედფინალში 5:7 6:2 6:2 6:3 დაამარცხა მატეო ბერეტინი და კარიერაში მეთორმეტედ გავიდა ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალურ სტადიაზე.

მიმდინარე სეზონში სერბმა ჩოგბურთელმა ბერეტინი უკვე მესამედ დაამარცხა – როლან გაროსის მეოთხედფინალში, უიმბლდონის ფინალში და US OPEN-ის 1/4 ფინალში.

„მშვენიერი მატჩი გამოვიდა. მატეო – ბრწყინვალე მოთამაშეა, რომელიც სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს რეიტინგის ტოპ 10-ში. ჩვენი დაპირისპირებები ყოველთვის ეპიკურ ბრძოლაში გადადის. დღესაც ანალოგიური განმეორდა.

პირველი სეტის წაგების შემდეგ შევძელი კონცენტრირება და დავიწყე იმ ხარისხის თამაშის ჩვენება რომელიც მე მაწყობდა. ვფიქრობ 3 საუკეთესო სეტი ვითამაშე ამ ტურნირზე.

უკანასკნელი 3 მატჩის განმავლობაში ვაგებ პირველ სეტს, თუმცა შემდეგ ვიგებ მატჩს. მშვენიერი ტაქტიკა გამოდის (იცინის). რათქმაუნდა მე ამას ძალით არ ვაკეთებ. მინდა რომ ყველა შეხვედრა 3 სეტში მოვიგო, თუმცა არ გამომდის.

ჩემი აზრით ცუდად არც პირველ სეტში არ მითამაშია, რამდენიმე ბრეიკპოინტიც მქონდა, უბრალოდ მატეოს ჩაწოდება ნამდვილი „ჩაქუჩია“ – განაცხადა „ნოლემ“ მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.

null

ჯოკოვიჩმა „დიდი სლემის“ ტურნირებზე ზედიზედ 26-ე მატჩი მოიგო. ნოვაკს 2 გამარჯვების მოპოვება სჭირდება, რათა შეასრულოს კალენდარული გრანდ სლემი. ჩოგბურთის პროსფესიონალურ ერაში ასეთი რამ მხოლოდ როდ ლეივერმა შეძლო 1969 წელს (მამაკაცთა ერთეულთა თანრიგი).

„ნოლემ“ 224-ედ დაამარცხა რეიტინგის ტოპ-10-ის ჩოგბურთელი და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა როჯერ ფედერერს.

სერბი ჩოგბურთელი 42-ედ გავიდა დიდი სლემის ტურნირების ნახევარფინალში (საუკეთესო მაჩვენებელი როჯერ ფედერერს აქვს – 46). ჯოკოვიჩი ბოლოს US OPEN-ის 1/2 ფინალში 2018 წელს იმყოფებოდა და მაშინ მოიგო კიდეც ტურნირი(მესამედ).

ნოვაკის მომდევნო მეტოქე – გერმანელი ალექსანდრ ზვერევია. ურთიერშეხვედრათა ისტორიაში სერბი ჩოგბურთელი ლიდერობს 6:3, თუმცა ბოლო დაპირისპირება ზვერევმა მოიგო – ოლიმპიადის ნახევარფინალში საშამ მწარე მარცხი აგემა მსოფლიო რეიტინგის პირველ ჩოგანს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *