მელბურნში გრძელდება ავსტრალიის ღია პირველობა. 1 წლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ Australian Open-ს დაუბრუნდა ნოვაკ ჯოკოვიჩი.
პირველი რაუნდის მატჩში სერბი ჩოგბურთელი რობერტო კარბალეს ბაენას დაუპირისპირდა და საკმაოდ მარტივად იმარჯვა 6:3 6:4 6:0.
შეხვედრის სტარტი “ნოლესთვის” რთული გამოვიდა – მეხუთე გეიმში სამმაგი ბრეიკპოინტის გადარჩენა მოუწია, თუმცა დიდი სლემის ტურნირების 21 – გზის გამარჯვებულმა ამ მისიას თავი წარმატებით გაართვა.
ვერ გამოყენებული შანსების გამო ესპანელი მომდევნო გეიმშივე დაისაჯა – ჯოკოვიჩმა ბრეიქი შეასრულა და შემდეგ უპრობლემოდ მოიგო სეტი 6:3.
მეორე პარტიის სტარტზე ორივე ჩოგბურთელი იოლად ინარჩუნებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე, თუმცა 3:3-ზე სერბი გააქტიურდა – მეტოქეს ზედიზედ 2 უხეში შეცდომა დააშვებინა და გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა. ნოვაკმა მარტივად მიიყვანა მეორე სეტიც ლოგიკურ გამარჯვებამდე 6:4.
მესამე პარტიაში კარბალეს ბაენა ფსიქოლოგიურად გატყდა – ჯოკოვიჩმა ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა სეტი, ზედიზედ 6 გეიმი მოიგო და მასთან ერთად მატჩიც.
ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 2:0 გახდა ნოვაკის სასარგებლოდ.
მატჩი 2:03 საათს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ნოლეს ანგარიშზე 9 ეისი, 5 ბრეიკი და 1 ორმაგი შეცდომა იყო. ესპანელმა ჩოგბურთელმა 4 ეისის წილ 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 3 ბრეიკპოინტიდან ვერცერთის რეალიზება ვერ შეძლო.
ჯოკოვიჩმა შეხვედრის მსვლელობისას 41 ვინერსი შეასრულა და 21 უხეში შეცდომა დაუშვა. რობერტომ მეორე ნომრად თამაში სცადა, თუმცა ამ ტაქტიკამაც არ გაამართლა – 14 ვინერსის წილ 16 შეცდომა ქონდა.
ნოვაკი ავსტრალიის ღია პირველობის მეორე რაუნდში გავიდა, სადაც კუკა/დელიენს შორის გამარჯვებულს შეხვდება.