უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ალექსანდრ ზვერევი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდნენ.
ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში სერბი გერმანელს 7:3-ს ამარცხებდა. 2021 წელს ნოვაკს ზვერევი სამჯერ ყავდა დამარცხებული – ATP CUP-ზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე და US OPEN-ზე, ხოლო საშამ მსოფლიო რეიტინგის პირველ ჩოგანს ოლიმპიადის ნახევარფინალში აგემა მწარე მარცხი.
შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა საკუთარ გეიმებს და “ეისების წვიმა” მოდიოდა კორტზე. სიტუაცია პირველად მე-10 გეიმში დაიძაბა, როდესაც ზვერევმა 5:4-ზე პირველი ბრეიკპოინტი მოიპოვა, რომელიც ავტომატურად სეტპოინტიც იყო, თუმცა ნოვაკმა ცივსისხლიანად მოიგერია ეს საფრთხე.
მომდევნო გეიმში უკვე ჯოკოვიჩი მივიდა ორმაგ ბრეიკპოინტამდე, მაგრამ გერმანელმაც გაუძლო წნეხს და სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა.
“საჩოგბურთო ლატარეაში” ოდნავ უკეთესად საშა გამოიყურებოდა, რომელმაც 7:4 იმარჯვა.
მეორე პარტიაშიც ანალოგიურად განვითარდა მოვლენები – 8 გეიმის განმავლობაში მიღებაზე მყოფი ჩოგბურთელები ფაქტობრივად უშანსოდ იყვნენ, მე-9 გეიმში კი გერმანელს მცირე ჩავარდნა დაეწყო, რაც “ჯოკომ” მყისიერად გამოიყენა და მეორე ბრეიკპოინტით შეხვედრაში პირველი ბრეიკიც განახორციელა 5:4.
მე-10 გეიმი ისევ მარათონული გამოდგა – სერბმა მეხუთე სეტპოინტით შეძლო პარტიებს შორის ანგარიშის გათანაბრება 1:1 (6:7 6:4).
მესამე, გადამწყვეტი სეტი გერმანელმა უკეთესად დაიწყო და მეოთხე გეიმში შესრულებული ბრეიკით 3:1 დაწინაურდა. 2:4-ზე სერბმა გაიბრძოლა – მივიდა ბრეიკპოინტამდე და რეალური შანსიც ქონდა უკუბრეიკის შესრულების, თუმცა დასანანი შეცდომა დაუშვა და საშამ ისევ შეინარჩუნა სამ გეიმიანი უპირატესობა 5:2.
ალექსანდრ ზვერევს მეტი შანსი აღარც მიუცია მეტოქისთვის – მე-9 გეიმში საკუთარი ჩაწოდება მშრალი ანგარიშით მოიგო და კარიერაში მეოთხედ მოუგო ნოვაკ ჯოკოვიჩს.
ზვერევი კარიერაში 28-ედ გავიდა ATP-ის ტურნირის ფინალში.
წლეულს საშა მეექვსე ფინალს ითამაშებს.
ზვერევი კარიერაში მეორედ გავიდა შემაჯამებელი ტურნირის ფინალში – 2018 წელს მან ფინალურ შეხვედრაში ჯოკოვიჩს მოუგო.
შემაჯამებელი ტურნირის ფინალში გერმანელის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანი დანილ მედვედევი იქნება.
რუსმა ჩოგბურთელმა საშას უკანასკნელი 5 შეხვედრა მოუგო,მათ შორის წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე.
მიმდინარე სეზონში ზვერევს და მედვედევს ერთნაირი რაოდენობის მატჩები აქვთ მოგებული 58-58.