ჯოკოვიჩმა ნადალი დაამარცხა

როლან გაროსის ნახევარფინალში მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა 3:6 6:3 7:6 6:2 დაამარცხა ტურნირის 13-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი და ფინალის საგზური მოიპოვა.

ნადალმა საფრანგეთის ღია პირველობაზე 108-ე მატჩი ჩაატარა და მხოლოდ მესამე მარცხი იწვნია. როლან გაროსზე ნოვაკმა ესპანელი ლეგენდა მეორედ დაამარცხა.

სერბმა მატჩი საკმაოდ მძიმედ დაიწყო და 25 წუთის შემდეგ უკვე 0:5-ს აგებდა. თუმცა ნელ-ნელა „ნოლემ“დაალაგა საკუთარი თამაში, სწორი ტაქტიკა აირჩია და ისტორიული გამარჯვებაც იზეიმა.

ჯოკოვიჩმა მიღებაზე ბრწყინვალედ ითამაშა. ნოვაკი ნადალის ჩაწოდებულ ბურთს აგრესიულად პასუხობდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა რაფას. სერბის დაბრუნებული ბურთები „საჩოგბურთო ცხრიანში“ ჯდებოდა. სწორედ ამ მიზეზით ესპანელის ჩაწოდებაზე თითქმის ყველა გეიმი ეპიკურ ბრძოლაში გადადიოდა.

გათამაშებებში ჯოკოვიჩი ცდილობდა მუდმივად ბექჰენდზე მიეწოდებინაბურთი მეტოქისთვის, რაფაელმა მეორე სეტიდან მეოთხე სეტის ჩათვლით უფრო მეტი ბექჰენდი შეასრულა, ვიდრე ფორჰენდი.
უმეტესობა ამ ბექჰენდებისა, ძალიან რთულად შესასრულებელი იყო. ნოვაკი გამუდმებით ცვლიდა ტემპს, ხშირად ამოკლებდა ბურთებს, ნადალს კი უწევდა წყვილთა თანრიგის დერეფნიდან თამაში, რის გამოც კორტის მეორე ნახევარი თავისუფალი რჩებოდა.

ესპანელმა გადაწყვიტა ტაქტიკა შეეცვალა და მაღალი ტრაექტორიის ბურთების გაგზავნა დაიწყო სერბის ბექჰენდზე, თუმცა რაფას წარმატება არც ამ საჩოგბურთო ელემენტმა მოუტანა.

„ჯოკო“ ფენომენალურად თამაშობდა მარცხნიდან და ქულებსაც სტაბილურად იღებდა.
უკანასკნელი 3 სეტის განმავლობაში რაფაელმა 43 უხეში შეცდომა დაუშვა, რაც მას მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა არ აპატია.
შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე სეტის ტაიბრეიკზე წაგებული ქულა გამოდგა – ნადალმა თამაშის ტემპი რომ შეენარჩუნებინა, ბურთი კორტზე არ დაუშვა და ჰაერიდან ითამაშა, როგორც წესი ესპანელი 1000 ასეთი დარტყმიდან 999-ს ჩააგდებდა, თუმცა იმ ერთი შეცდომის დროც მოსულა.

ფინალში ჯოკოვიჩი სტეფანოს ციციპასს შეხვდება. სერბმა ბერძენს 7 ურთიერთშეხვედრიდან 5 მოუგო, გრუნტზე სამიდან სამი.
გამარჯვების შემთხვევაში ნოვაკი გახდება პირველი ჩოგბურთელი, რომელსაც ორჯერ ექნება შესრულებული „კარიერული სლემი“

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *