პარასკევს, როდესაც ნოვაკ ჯოკოვიჩი ოლიმპიადის ერთეულთა თანრიგის ნახევარფინალის სათამაშოდ გადიოდა, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სერბის დამარცხება უბრალოდ წარმოუდგენელი გახლდათ. „ნოლეს“ ზედიზედ 22 გამარჯვება ქონდა მოპოვებული, მალიორკაში წყვილთა თანრიგის მატჩებსაც თუ მივათვლით და ოლიმპიადაზე მიქსტს – ჯამში 27.
სწორედ აქ დაიწყო ჯოკოვიჩის კარიერაში ყველაზე საშინელი 24 საათი.
ნოვაკმა ოლიმპიადის ნახევარფინალში ალექსანდრ ზვერევთან 6:1 3:6 1:6 წააგო, არადა პირველი სეტი მოიგო და მეორეში ბრეიკიანი უპირატესობა ქონდა – 3:2.
გერმანელმა ჩოგბურთელმა მეორე სეტის მე-6 გეიმიდან ზედიზედ 8 გეიმი მოუგო მსოფლიო რეიტინგის პირველ ჩოგანს. ჯოკოვიჩმა საკუთარ თავზე დაკარგა კონტროლი, ყვიროდა, ჩხუბობდა, თუმცა ბოლოს ბედს და წაგებას შეურიგდა.
ერთეულთა თანრიგის ნახევარფინალის წაგების შემდეგ, „ნოლე“ შერეულ წყვილთა თანრიგის 1/2 ფინალის სათამაშოდ გამოვიდა ნინა სტოიანოვიჩთან ერთად, თუმცა ის შეხვედრაც დათმო – ვესნინა/კარაცევის ტანდემთან.
„ჯოკო“ მაქსიმალურად ცდილობდა დახარჯულიყო კორტზე, მაგრამ გადაღლილობა აშკარად ეტყობოდა.
მეორე დილას სერბ ჩოგბურთელს მესამე ადგილისთვის მატჩი ელოდა პაბლო კარენო ბუსტასთან.
ნოვაკმა აქაც იბრძოლა, მეორე სეტში ერთი მატჩბოლი გადაარჩნა, მესამეში – 4 მატჩპოინტი, თუმცა ესპანელმა მეექვსე მცდელობით მაინც მოახერხა მატჩის მოგება 6:4 6:7 6:3.
შეხვედრის მიმდინარეობისას ჯოკოვიჩი საშინლად იქცეოდა – ერთ მომენტში ჩოგანი ტრიბუნაზე მოისროლა, მატჩის მიწურულს კი ბადეს ჩაარტყა რამდენჯერმე.
ერთეულთა თანრიგში ნოვაკი მედლის გარეშე დარჩა, ბრინჯაო – კარენო ბუსტამ წაიღო ესპანეთში.
„ჯოკოს“ შანსი რჩებოდა, შერეულ წყვილთა თანრიგში მაინც მოეტანა სერბეთისთვის ბრინჯაოს მედალი, თუმცა მარცხენა მხრის ტრავმა მოიმიზეზა და სათამაშოდ აღარ გავიდა ნინა სტოიანოვიჩთან ერთად.
24 საათში წაგებული 4 საჩოგბურთო მატჩი და დაკარგული ორი ოლიმპიური მედალი…
ხანდახან ნოვაკ ჯოკოვიჩიც ადამიანია, ხანდახან.