ჰალეპის პირველი გამარჯვება

მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა – სიმონა ჰალეპმა ცინცინატის 1000-იანთა კატეგორიის ტურნირის პირველ წრეში 6:4 3:6 6:1 მოიგო მაგდა ლინეტს და მაისის შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა.

შეხვედრის სტარტზე რუმინელმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა, თუმცა მაგდამ მე-6 გეიმში შეძლო უკუბრეიკის შესრულება და ანგარიშში წონასწორობა აღადგინა 3:3.

გადამწყვეტი მე-7 გეიმი გამოდგა, როდესაც სიმონამ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის ჩაწოდება და შემდეგ მშვიდად მიიყვანა სეტი გამარჯვებამდე 6:4.
მეორე პარტიაში ჰალეპს პრობლემები დაეწყო – აშკარად გამოჩნდა, რომ მისი ფიზიკური კონდიციები იდეალურიდან ჯერჯერობით საკმაოდ შორსაა.
ლინეტმა ამით ისარგებლა და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა 4:6 6:3.

მესამე სეტის წინ რუმინელს ძალიან გაუმართლა – ცინცინატიში გაწვიმდა და მატჩი 75 წუთით შეწყდა. ჰალეპმა დაისვენა, კარგად გაანალიზა საკუთარი შეცდომები და კორტზე დაბრუნებულმა უბრალოდ გაანადგურა მეტოქე 6:1.

შეგახსენებთ, რომ ფეხის ტრავმის გამო 29 წლის რუმინელმა „როლან გაროსი, უიმბლდონი“ და ოლიმპიური თამაშები გამოტოვა.

ჰალეპი WTA TOUR-ს გასულ კვირას, მონრეალის მასტერსზე დაუბრუნდა, სადაც პირველივე წრეში წააგო დანიელა კოლინზთან.

ცინცინატის ტურნირის საწყის ეტაპზე მოპოვებული გამარჯვებით სიმონამ 3 მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.

მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ჩოგანი მასტერსის მეორე წრეში ამერიკელ ჯესიკა პეგულიას შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *