ტოტენჰემ ჰოთსფურის კაპიტანი ჰარი კეინი შვებულებიდან დღეს, 2 აგვისტოს უნდა დაბრუნებულიყო გუნდის განკარგულებაში, კოვიდტესტი ჩაეტარებინა და სამშაბათიდან ვარჯიში განეახლებინა, მაგრამ ჰარი არ გამოჩენილა. არადა, ის ცნობილია თავისი წესრიგიანობით.
ბრიტანულ ტაბლოიდებსაც მეტი რა უნდოდათ. ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ კეინი ასე განგებ იქცევა, რადაგან მანჩესტერ სიტიში გადასვლა სურს. იმასაც ამბობენ, კეინი ამ დღეებში ქალაქელების ხელმძღვანელობას შეხვდება და თავის თანხმობას ეტყვისო.
კეინს და სიტის უკვე რამდენიმე თვეა აკავშირებენ ერთმანეთთან. ეს ხმები განსაკუთრებით ევრო 2020-ის მსვლელობისას გამძაფრდა. მანჩესტერელები მასში 187 მილიონ ევროს იხდიან და კონტრაქტს 2026 წლამდე სთავაზობენ.
ცნობისათვის, კეინი ტოტენჰემის აღზრდილია და მათთან ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.