ძალიან მობერებულა გუს ჰიდინკი… და გამოაცხადა კიდეც, სამწვრთნელო კარიერა დავასრულეო. 74 წლის ნიდერლანდელი ბოლოს კურასაოს ნაკრებს წვრთნიდა, მაგრამ ივლისიდან მოყოლებული ვეღარ მუშაობდა. მიზეზი კორონავირუსი იყო.
„ბოლო პერიოდში აქტიურად ვერ ვმუშაობდი. კურასაოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ვესაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ პაუზა ამეღო. თუმცა მალევე გადავწყვიტე საბოლოოდ დასრულება. დიკ ადვოკაატის მსგავსად ხომ არ განვაახლებ კარიერას? არა, არა“ – უთხრა ჰიდინკმა Voetbal International-ს.
მაგარი კარიერა ჰქონდა ჰიდინკს. 41 წლის იყო, როცა ჩემპიონთა თასი მოაპოვებინა პსვ-ს. კარგი სახელი დატოვა ასევე სამხრეთ კორეაში, ავსტრალიაში, რუსეთში, თურქეთში, კურასაოში და ნიდერლანდების ნაკრებშიც. კლუბებს რაც შეეხება – პსვ-ს გარდა, ვალენსია, რეალი, ბეტისი, ფენერბაჰჩე, ჩელსი, ანჟი.
კორეელები მუნდიალის ნახევარფინალამდე მიიყვანა, ხოლო რუსეთი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალამდე…