NBA-ს რეგულარული სეზონი „ჰიუსტონმა“ კატასტროფულად დაიწყო – ტექსასურმა გუნდმა 17 მატჩიდან ერთადერთი მოიგო და გააჩნდა 15 მატჩიანი წაგებათა სერია. ყველა საკალათბურთო ექსპერტმა უკვე დაიწყო იმაზე საუბარი, არის თუ არა ეს „როკეტსი“ ლიგის ყველა დროის ყველაზე სუსტი გუნდი და რა ანტირეკორდების დამყარება შეუძლია სეზონის ბოლომდე.
სწორედ აქ „გამოფხიზლდა“ სტეფნა საილასის გაწვრთნილი გუნდი და ზედიზედ 7 თამაში მოიგო. დღეს გამთენიისას „ჰიუსტონმა“ საკუთარ არენაზე აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ „ბრუკლინს“ უმასპინძლა და მეტოქე 114:104 დაამარცხა.
„ნეთსი“ მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდა – სხვადასხვა სახის პრობლემების გამო არ იყვნენ კევინ დურანტი და ლამარკუს ოლდრიჯი. მათ არყოფნაში კი ლიდერობა საკუთარ თავზე ჯეიმს ჰარდენს უნდა აეღო.
მას შემდეგ, რაც ლიგის „ბაბუაწვერამ“ დატოვა „ჰიუსტონი“ და „ბრუკლინში“ გადავიდა სათამაშოდ უკვე მეორედ მოუწია ‘როკეტსთან“ გასვლაზე თამაში.
ჰარდენმა 25 ქულა, 11 მოხსნა და 8 პასი დააგროვა, თუმცა თამაშიდან ძალიან დაბალი მაჩვენებლით ესროდა მეტოქის კალათისკენ – 12-დან მხოლოდ 3 სამქულიანი ჩააგდო, ჯამში კი სროლების მხოლოდ 25% გამოიყენა (16-დან 4).
მოტივირებულმა მასპინძლებმა საწყისი 3 მეოთხედი მოუგეს სტუმრებს 30:23, 37:29, 31:23 და უკანასკნელ, 12 წუთიან პერიოდს 17 ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ. „როკეტსს“ აღარ გასჭირვებია ამ ჰანდიკაპის შენარჩუნება და მშვიდად მიიყვანა მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე 114:104.
„ჰიუსტონის“ რიგებში საუკეთესო იყო ერიკ გორდონი, რომელმაც 21 ქულა დააგროვა, 19 ქულა ქონდა მეტიუსს, 18 კრისტოფერს.
მიუხედავად წაგებული შეხვედრისა „ბრუკლინმა“ მაინც შეინარჩუნა პირველობა აღმოსავლეთ კონფერენციაში (17 მოგება, 8 მარცხი), ვინაიდან თავისი მატჩი წააგო ასევე „ჩიკაგომ“(17/9), რომელიც „კლივლენდთან“ დამარცხდა 115:92.
„როკეტსმა“ ზედიზედ მოგებული 7 მატჩის ფონზე დასავლეთ კონფერენციაში ორი საფეხურით აინაცვლა მაღლა და ამჟამად მეცამეტე ადგილზეა 8 მოგებით და 16 მარცხით.