არახალია, რომ ბარსელონას დორტმუნდის ბორუსიადან ერლინგ ჰოლანდის გადაბირება სურს. კატალონიელები მის შეძენას ზაფხულში შეეცდებიან. ნორვეგიელით ბევრი გუნდი ინტერესდება, ამიტომ ტრანსფერი მარტივი არ იქნება.
Sport.es-ის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ ბარსელონამ ჰოლანდი ვერ გადაიბირა, ბლაუგრანა სოსიედადიდან ალექსანდრ ისაკის შეძენას შეეცდება. ეს სწორედ ის ისაკია, რომელმაც 2 თვის წინ ბათუმში საქართველო 2:0 შვედეთის მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ისაკი სოსიედადში 2019 წლის ზაფხულიდან გამოდის და დღეს ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მისდამი დიდი ინტერესია, ყველაზე მეტად ლონდონის არსენალი აქტიურობს. 22 წლის ფორვარდმა ამ სეზონში 27 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
ბარსელონა ლა ლიგაში 38 ქულით მე-4 ადგილზეა და უახლოეს ტურში ესპანიოლს შეხვდება. გეცოდინებათ, რომ ჩავის შეგირდები ევროპა ლიგის 1/16 ფინალში ნაპოლის დაუპირისპირდებიან.