„ჰოუქსის“ 26 ქულიანი „Comeback” და დაუჯერებელი გამარჯვება ფილადელფიაში

„ატლანტამ“ „ფილადელფიასთან“ გასვლით შეხვედრაში, 26 ქულიანი ჩამორჩენა ამოქაჩა და მატჩი 109:106 მოიგო.

„ჰოუქსი“ საპლეიოფო სერიაში 3:2 დაწინაურდა და 2015 წლის შემდეგ, პირველად არის ახლოს კონფერენციის ფინალში გასვლასთან.

null

შეხვედრის სტარტი მასპინძლებს იდეალური გამოუვიდათ – პირველ მეოთხედში ჯოელ ემბიდმა 8-დან 8 ბურთი ჩააგდო მეტოქის კალათში და 17 ქულა დააგროვა, „ფილამ“ კი საწყისი 12 წუთეული 38:24 მოიგო.

მეორე პერიოდშიც გაგრძელდა „76-ერსის“ დომინაცია – სეტ კარი მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ესროდა ბურთს მეტოქის კალათისკენ, მასპინძლეთა უპირატესობა კი იზრდებოდა – 62:40.

მესამე მეოთხედის მიწურულს ფილადელფია 26 ქულიანი სხვაობით გავიდა წინ(72:46) და თითქოს ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ სწორედ აქ „გამოიღვიძა“ „ატლანტამ’ და დაუჯერებელი „Comeback” დაიწყო.

ტრე იანგმა, ლუ ვილიამსმა და დანილო გალინარიმ მეოთხე პერიოდის სტარტზე ანგარიშში სოლიდური გაქცევა მოაწყვეს და სხვაობა 11 ქულამდე დავიდა – 76:87.

მასპინძელთა მწვრთნელმა დოკ რივერსმა პარკეტზე სასწრაფოდ დააბრუნა სასტარტო ხუთეულის წევრები, თუმცა „ჰოუქსის“ გაჩერებას უკვე ვეღარც ისინი ახერხებდნენ.

სტუმრებმა იგრძნეს, რომ ამ თამაშის „შემოტრიალება“ შეიძლებოდა და განაგრძეს მეტოქის წნეხში მოქცევა.

მეორე ტაიმში „ფილას“ რიგებიდან, თამაშიდან მხოლოდ ორმა კალათბურთელმა ჩააგდო ბურთი მეტოქის კალათში: ჯოელ ემბიდმა და სეტ კარიმ.

მეოთხე მეოთხედში „ატლანტამ“ მეტოქე 40:19 გაანადგურა, „ჰოუქსის“ კალათბურთელებმა თამაშიდან 22-ჯერ ესროლეს ბურთი და 16 ჩააგდეს.

მასპინძლებმა მეორე ტაიმში 10-ჯერ დაკარგეს ბურთი.

ბენ სიმონსმა 14 საჯარიმოდან მხოლოდ 4 ჩააგდო, მიმდინარე პლეიოფებში „ფილადელფიას“ გამთამაშებელმა 66-დან 22 ერთქულიანი გამოიყენა (33,3%).

შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე ჯერ ჯოელ ემბიდმა დატოვა საჯარიმო ხაზთან 2 ქულა, შემდეგ ანალოგიური გაიმეორა ბენ სიმონსმა. ტრე იანგმა და მისმა თანაგუნდელებმა ეს შანსი კარგად გამოიყენეს და შეხვედრა საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანეს 109:106.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ტრე იანგი გახდა – 39 ქულით, ორმაგი დუბლი ქონდა ჯონ კოლინზს – 19 ქულა+11 მოხსნა, სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა დანილო გალინარიმ 16 ქულა აიღო, ლუ ვილიამსმა – 15.

მასპინძელთა რიგებში კამერუნელი ცენტრი – ჯოე ემბიდი გამოირჩა 37 ქულით და 13 მოხსნით. კარიერის გამორჩეული შეხვედრა ქონდა სეტ კარის, რომელმაც 12-დან 7 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 36 ქულით დაასრულა.

სრულიად ჩაუვარდა მატჩი ტობაიას ჰარისს, რომელმაც ჯამში 4 ქულა დააგროვა, ბენ სიმონსმა კი მხოლოდ 8 ქულა აიღო.
სერიის მე-6 შეხვედრა ატლანტაში გაიმართება და თუ „ჰოუქსი“ მოიგებს მატჩს, ისინი კონფერენციის ფინალში გააღწევენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *