ჰუგო გასტონის ზღაპრული გამარჯვება

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გრძელდება წლის უკანასკნელი საჩოგბურთო მასტერსი. ტურნირის მთავარ სენსაციად იქცა მსოფლიოს 103-ე ჩოგანი – ჰუგო გასტონი, რომელმაც მესამე წრეში ზღაპრული მატჩი მოუგო კარლოს ალკარასს და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.

null

შეხვედრის სტარტი ესპანელ ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა – სეტის პირველ ნახევარში 18 წლის კარლოსი ორჯერ იგებდა ბრეიკით 3:1-ს და 4:2-ს, თუმცა ჰუგომ ორივე შემთხვევაში დროულად მოახერხა უკუბრეიკის შესრულება.

4:4-ზე მარათონული გეიმი შედგა – გასტონმა მეხუთე ბრეიკპოინტის რეალიზება შეძლო და მესამედ აიღო მეტოქის ჩაწოდება – 5:4. მე-10 გეიმში ფრანგმა წარმატებით ჩააწოდა სეტის მოსაგებად – 6:4.

მეორე პარტიის სტარტზე ბრწყინვალედ ათამაშდა ესპანელი თინეიჯერი – ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და სოლიდური ჰანდიკაპით დაწინაურდა – 5:0. გამოუცდელი ალკარასი მოდუნდა და სეტი ნაადრევად ჩათვალა დასრულებულად, რისთვისაც მწარედ დაისაჯა.

ჰუგო გასტონმა დაუჯერებელი “ქამბექის” შექმნა დაიწყო – მომდევნო 34 გათამაშებული ქულიდან 28 მოიგო (ქონდა 16 ქულიანი მოგებათა სერია) და 0:5-დან 7:5-ზე შემოატრიალა სეტი.

21 წლის გასტონი კარიერაში პირველად გავიდა მასტერსის დონის ტურნირის მეოთხედფინალში, სადაც მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანი – დანილ მედვედევი იქნება. რუსმა ჩოგბურთელმა 1/8 ფინალურ ეტაპზე 4:6 6:1 6:3 სძლია ამერიკელ სებასტიან კორდას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *