0:6!!! ფრაიბურგის სიგიჟე და ფოტოფაქტი: თარგამაძე შტრაიხთან

ეს ამბავი ბევრს არ ეცოდინება. ფოტო-ფაქტი… დავით თარგამაძე (საჩემპიონო  სინით) და მწვრთნელი კრისტიან შტრაიხი გვერდიგვერდ.

ამ წელს ფრაიბურგის U 19-მა გერმანიის ბუნდესლიგა მოიგო, ფინალში ვოლფსბურგს 2:0 მოუგო. ერთი საგოლე პასი თარგამაძისა იყო. ფრაიბურგის ჭაბუკებს კი კრისტიან შტრაიხი წვრთნიდა, იმ დროს 43 წლის სპეციალისტი, ჯერაც ბევრისთვის უცნობი.

დღეს კი კრისტიან შტრაიხი ყველამ იცის. დღეს მისმა ფრაიბურგმა სტუმრად 6:0 გაანადგურა გლადბახი, ხოლო გლადბახი რომ სუსტი გუნდი არაა, ჩემპიონთა ლიგაში მისი გასვლები მეტყველებს. ფრაიბურგი – ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე სუსტი, მაგრამ დაყენებული თამაშით. ეს შტრაიხის ამბავია.

ეს გუნდი ახლა მეოთხე ადგილზეა.

მარტო დღეს კი არა, შტრაიხი ჯერ კიდევ 8 წლის წინ დაასახელეს გერმანიის წლის საუკეთესო მწვრთნელად.

ის ადგილობრივი კაცია, ფრაიბურგში თამაშობდა, თუმცა დიდი ვერაფერი კარიერით… შტრაიხი ფრაიბურგის სტადიონთან ახლოს ცხოვრობს და ველოსიპედით, ხან კი ფეხით დადის.

ისე, ფრაიბურგი კარგა ხნის გვაინტერესებდა განსაკუთრებულად. რამდენი ქართველი თამაშობდა: ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, ოთარ ხიზანეიშვილი, ცოტა ხნით კი გიორგი კიკნაძე და ზაზა ზამთარაძეც.

ბოლოს იყო თარგამაძე. ცოტა ითამაშა მთავარ გუნდში, მაგრამ მთლიანობაში იქ კარიერა ვერ აეწყო. აი, ის 19-წლამდელთა ჩემპიონობა კი შერჩა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *