5 წელია გიორგი ქვილითაია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია და უმეტესად ძირითადში ვხედავთ. გამონაკლისი ბოლო 2 სანაკრებო შეხვედრა გახლდათ, როცა ვილი სანიოლმა არ გამოიძახა.
ქვილითაიამ ანორთოსისში თანამემამულეებთან ერთად კვიპროსის თასი მოიგო, თუმცა ამ ტიტულამდე გიორგის რთული პერიოდი ედგა, რადგან გენტში თითქმის არ ათამაშებდნენ.
გენტში გატარებულ რთულ პერიოდზე, აპოელში ტრასფერზე, საქართველოს ნაკრებზე, ანორთოსისზე, თემურ ქეცბაიაზე, ვილი სანიოლზე, ვლადიმირ ვაისზე და ბევრ სხვა საინტერესო თემაზე გიორგიმ Leadersport.ge-სთან ვრცლად ისაუბრა.
- ანორთოსისში განვლილ სეზონს როგორ შეაფასებ?
- ვთვლი, რომ წარმატებული პერიოდი იყო როგორც გუნდისთვის, ასევე ჩემთვის. სეზონი ტიტულით დავასრულეთ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ. რაც შემეხება მე, 2 წლიანი უთამაშებლობის შემდეგ 16 გოლი გავიტანე. მიზანი თავიდან ჩემპიონობა იყო, საბოლოო ჯამში ეს არ გამოვიდა, თუმცა კარგია, რომ თასი მოვიგეთ და ანორთოსისმა 13 წლიანი პაუზის შემდეგ ტიტული მოიპოვა.
- ანორთისისის სხვა ქართველებისგან განსხვავებით ქეცბაიასთან პირველად იმუშავე. როგორია მასთან მუშაობა?
- თემურთან მუშაობა საკმაოდ საინტერესოა. ის ვარჯიშებზე და თამაშებზე ძალიან მომთხოვნია, მუდამ მაქსიმუმს ითხოვს. ყველა მწვრთნელი ესეა, თუმცა ქეცბაიას შემთხვევაში ის სხვაობაა, რომ თემური ძალიან ემოციურია.
- მოედნის მიღმა როგორია მასთან ურთიერთობა?
- ძალიან კარგი ადამიანია, აქ რომ იჯდეს ჩვენ გვერდით მიხვდებოდით მეგობარივით იქნება და ზოგადად სასიამოვნო ადამიანია.
- ანორთოსისს როგორ დაახასიათებ?
- სხვათა შორის მეგობრული გუნდია. ანორთოსისში კარგი გარემოა, რამაც ადაპტაცია გამიადვილა. პანდემიიდან გამომდინარე ხშირად ვერ ვახერხებდით დროის ერთად გატარებას, თუმცა შესაძლებლობიდან გამომდინარე ხშირად ერთად ვიყავით.
- როგორი გულშემატკივრები ჰყავს გუნდს?
- მე ვთამაშობდი ვენის რაპიდში, სადაც საოცარი გულშემატკივრები იყვნენ. ვერ ვიფიქრებდი, რომ ისეთ გუნდში მოვხვდებოდი, სადაც მსგავსი ქომაგობა დამხვდებოდა, თუმცა ანორთოსისში ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. აღფრთოვანებული და ცოტა გაკვირვებულიც დავრჩი. ჩემი აზრით კვიპროსის ჩემპიონატი მეტ დაფასებას იმსახურებს. გულშემატკივრობა, ჩემპიონატის დონე… ყველაფერი უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ხალხს ჰგონია.
- გუნდმა სეზონი ტიტულით დაასრულა. ფინალს როგორ გაიხსენებ?
- სანამ ფინალზე ვისაუვრებ, მატჩის წინა დღეზე უნდა მოვყვე. ვარჯიშზე 3-4 ათასი გულშემატკივარი მოვიდა, გაგვამხნევა, სასტუმრომდე გაგვაცილეს, მთელი ეს დრო ჩვენ გვერდით იყვნენ. იმედნად ემოციური მომენტი იყო, დილის 6 საათამდე ვერ დავიძინე, შემდეგ იმაზე ვნერიულობდი უძინარს ვერ მეთამაშა. შემდეგ სტადიონზე მიგვაცილეს და ცხადია მატჩისას ვგრძნობდით მათ მხარდაჭერას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტიტულის მოგებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს. გულშემატკივრების მხარდაჭერის ფონზე იმაზე ორჯერ უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე მათ გარეშე.
- სეზონის დასაწყისში ანორთოსისის მიზანი ჩემპიონობაც იყო. რამ შეგიშალათ ხელი?
- ჩემპიონატი კარგად დავიწყეთ, ერთი პერიოდი ლიდერებიც ვიყავით, თუმცა როცა პლეი-ოფები დაიწყო 2-3 თამაში ვერ მოვიგეთ, გასვლაზე ოლიმპიაკოსთან დავმარცხდით და შანსები დაიკარგა, შემდეგ მთლიანად თასზე გადავერთეთ და სეზონი ტიტულით დავასრულეთ.
- ანორთოსისში გენტიდან იყავი განათხოვრებული. იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ თუ უნდოდათ ბელგიელებს შენი დაბრუნება?
- სიმართლე გითხრათ გენტიდან ჩემი დაბრუნების სურვილი არ იგრძნობოდა. მათ რომ ჩემთან ჩემთან ურთიერთობა კვლავ სდომოდათ, დამიბრუნებდნენ კიდეც.
- ახალ სეზონს აპოელში დაიწყებ. კვიპროსული გუნდის გარდა კიდევ რა ვარიანტები გქონდა?
- იყო ბელგიის შედარებით დაბალი დონის გუნდების დაინტერესება, ასევე თურქეთის წინადადება.
- რატომ შეაჩერე არჩევანი აპეოლზე?
- არ მინდოდა ისეთ ბელგიურ გუნდში გადავსულიყავი, რომლის მიზანიც ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებაა, თურქებიდან კი მხოლოდ ინტერესი იყო და არა რეალური წინადადება. გარდა ამისა ისეთ კლუბში თამაში მსურდა, რომელიც შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ტიტულისთვის იბრძვის. მინდოდა ჩემი მომავალი მალე გარკვეულიყო და აპოელთან გავაფორმე კონტრაქტი.
- გენტში საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარე. ჯანმრთელი იყავი, მაგრამ არ გათამაშებდნენ, ნაკრებში კარგი მატჩები ჩაატარე, მაგრამ არც მაშინ ატარებდი მოედანზე დიდ დროს. რამდენად იმოქმედა ამან ფსიქოლოგიურად?
- ვერ აგიღწერთ რამდენად რთული გადასატანი იყო. პრესა და გულშემატკივრები მუდამ წერდნენ, რომ გენტიდან უნდა წავსულიყავი. ჩემზე მეტად ჩემი სსსხვა გუნდში გადასვლა არავის უნდოდა. ყველა სატრანსფერო ფანჯრისას კლუბის გამოცვლას ვცდილობდი, რამდენიმე გუნდზე უარიც ვთქვი იქნებ ბელგიელებმა შანსი მომცენთქო, მაგრამ სამწუხაროდ არ ვთამაშობდი. მახსოვს პირველი სეზონის ბოლოს კარგად ვთამაშობდი, მეგონა შემდეგ შანსს მომცემდნენ, თუმცა არ გამოვიდა.
- ამ გადმოსახედიდან რაპიდიდან გენტში გადასვლას ნანობ?
- დიახ, რა თქმა უნდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 2 წელი დავკარგე. ვერც იმას ვიტყვი, რომ სუსტი კონკურენტები მყავდა, თუმცა ვთვლი, რომ თამაშს მაინც ვიმსახურებდი. ამ ყველაფერს ტრავმები დაემატა. ჩემი ტრავმიანობის დროს სხვა ფორვარდები ათამაშდნენ.
- როგორც არნიშნე ეს ყველაფერეი ფსიქოლოგიურად რთული იყო. რა დაგეხმარა ამ ბარიერის გადალახვაში?
- ზოგადად სინანული არ მიყვარს და უკან არ ვიყურები. ვფიქრობდი, რომ შანსს მივიღებდი. 2020 წლის ზაფხულში მითხრეს, რომ უნდა დავრჩენილიყავი, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 1 კვირით ადრე მითხრეს, რომ უნდა წავსულიყავი. გამიმართლა, რომ ანორთოსისის ვარიანტი გამოჩნდა, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თემურ ქეცბაიას.
- რაპიდის პერიოდზეც გკითხავ, რამდენად დაგეხმარა რაპიდში გადასვლა ევროპულ ფეხბურთთან ადაპტაციაში?
- ავსტრიაში წასვლამდე დინამოში ბოლო სეზონში 31 გოლი გავიტანე, გარდა ამისა ყველა ტიტული მოვიგე, რაც შესაძლებელი იყო. ამ ყველაფრის ფონზე მეგონა, რომ მათთვის უკვე ცნობილი ფეხბურთელი ვიყავი. როცა ჩავედი ყველაფერი ნულიდან დავიწყე. ჩასვლის დღიდან იგრძნობოდა პროფესიონალიზმი. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ისეთი გუნდელები მყავდა, რომლისგანაც ბევრი ვისწავლე. თუმცა სანამ რაპიდში წავიდოდი 1 წელი ალექსანდრე იაშვილთან ერთად ვთამაშობდი და მასგანაც ძალიან ბევრი ვისწავლე. იაშკა სამაგალითო ფეხბურთელი გახლდათ.
- სანაკრებო თემაზეც გადავიდეთ, მართალია მაკედონიის თამაში უკვე წარსულია, მაგრამ მაინც საინტერესოა შენი აზრი თუ რატომ წავაგეთ.
- ბევრი ფეხბურთელი ტრავმირებული იყო და თითქმის ნახევარი გუნდი გვაკლდა. ძალიან დაგვაკლდა მსგავსი მნიშვნეობის მქონე მატჩების გამოცდილება. ფინალი მაინც სხვა თამაშია. შეიძლება 100 მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარო, მაგრამ ფინალში სათანადო დონეზე ვერ ითამაშო. ასევე ვთვლი, რომ ფეხბურთელები გადაიწვნენ ამდენი ემოციისგან, ნერვიულობისგან და პასუხისმგებლობისგან. ძალიან გვაკლდა გულშემატკივრი, რომელიც შეიძლებოდა ჩვენი გასაღები ყოფილიყო.
- ვლადიმირ ვაისთან 5 წელი იმუშავე, სწორედ მის დროს დაიწყე ნაკრებში თამაში. როგორ დაახასიათებ სლოვაკ სპეციალისტს?
- მასთან მუშაობა რთული არ ყოფილა, თამაშებზე ძალიან ემოციური იყო, თუმცა ვარჯიშზე მისი ემოცია არ მახსოვს. ფეხბურთელებთან კონტაქტში მარტივად შემოდიოდა და გუნდში კარგ ატმოსფეროს ქმნიდა. უმინუსო მწვრთნელი არ არსებობს და არც ის გახლდათ უშეცდომო.
- იყო პერიოდი როცა უთამაშებელი იყავი, მაგრამ ვაისი მაინც გიძახებდა და ძირითადში გაყენებდა. ეს ალბათ ძალიან გეხმარებოდა.
- მე მას ძალიან ვუყვარდი, სულ მათამაშებდა და დიახ, ამით მეხმრებოდა. მე ცხადია 100%-ს ვდებდი და მადლობას ვუხდიდი.
- ვილი სანიოლზეც საინტერესოა შენი აზრი.
- სანიოლი უდიდესი გამოცდილების ფეხბურთელია და იცის მოთამაშეებთან დამოკიდებულება. შეიძლება დიდი სამწვრთნელო კარიერა არ აქვს, მაგრამ იცის მიდგომა და ფეხბურთელები როგორ მოამზადოს.
- ბოლო 2 თამაშში ნაკრებში არ გამოგიძახეს. რამდენად მოსალოდნელი იყო ეს?
- სიმართლე გითხრათ მეგონა, რომ გამომიძახებდა, თუმცა რას ვიზამთ.
- ამ ჯგუფში რა უნდა იყოს ნაკრების მიზანი?
- პირველი სამი თამაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მხოლოდ 1 ქულა ავიღეთ. რუმინეთს მოვუგეთ და ხალხი თამაშით იყო უკმაყოფილო, იყო. არის კარგი თამაშები და ვაგებთ, არის ცუდი მატჩები და ვიგებთ. ხალხს ორივე ერთად უნდა, რაც ძალიან რთულია. თანაც ჩვენს ნაკრების სენია ბოლო წუთებზე გაშვეული გოლი. ყველა თამაშზე მოსაგებად უნდა გავიდეთ და რაც შეიძლება მეტი ქულა ავიღოთ, რომ თავდაჯერება შეგვემატოს.
- უახლოესი სანაკრებო მატჩები ბათუმში იქნება. გეცოდინება თუ რამხელა გულშემატკივრობაა ხოლმე ამ სტადიონზე და ამაზე რომ ვისუაბროთ.
- დინამო ბათუმი დინამო თბილისის თამაშს ვუყურე და ეს არ ჰგავდა საქართველოს ჩემპიონატის თამაშს. ეს მატჩი საშუალო ევროპული დონის ჩემპიონატის თამაში უფრო იყო, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატის. ყველაფერი იყო, კარგი თამაში, კარგი გაშუქება, კარგი გულშემატკივრები. ყველა თამაშზე, რომ ესეთი გარემო იყოს, ჩვენი ჩემპიონატის დონე მოიმატებს.
- ევროპის ჩემპიონატი მოახლოვდა და ვის გულშემატკივრობ? ვის თვლი მთავარ ფავორიტად?
- მე ზოგადად არაევროპულ ნაკრებს ვქომაგობ, ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ და ევროპაში ფავორიტი არ მყავს. მთავარ ფავორიტად იტალიის ნაკრებს მივიჩნევ.
- გიორგი ჩაკვეტაძეზე და ხვიჩაკვარაცხელიაზეც საინტერესოა შენი აზრი, ორივესთან გითამაშია, განსაკუთრებით გიორგისთან, გენტში 2 წელი ერთად იყავივთ.
- ორივე უნიჭიერესი ფეხბურთელია და ორივე ძალიან პროფესიონალი. თქვენ კარგად იცით, რომ არიან ძალიან ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი ფეხბურთელები, ხვიჩაზე და გიორგიზე ეს ნამდვილად არ ითქმის. ჩაკვეს ტრავმებიდან გამომდინარე ძალიან არ გაუმართლა და იმედია ყველაფერი გამოსწორდება, რაც შეეხება კვარას, ვთვლი, რომ უკეთეს გუნდში უნდა გადავიდეს. ხვიჩა უკვე მომწიფებულია ტოპ 5 ჩემპიონატში სათამაშოდ.
- ტრავმები ახსენე, რამაც შენც ძალიან შეგიშალა ხელი. ეს პრობლემა რომ არა, შენი აზრით რა დონეზე იქნებოდი ეხლა?
- ჩემი აზრით ტოპ 5-ში ვითამაშებდი, რადგან რაპიდში ყოფნისას ბუნდესლიგის 2 გუნდთან მქონდა მოლაპარაკებები. გარდა ამისა რაპიდიდან ვიტესში გადასვლა გადაწყვეტილი იყო, ბარგის ჩალაგება და არნემში ჩასვლაღა მაკლდა, თუმცა ფეხი მოვიტეხე. ტოპ 5-ში ვითამაშებდითქო ამის თქმის საფუძველს ისიც მაძლევს, რომ რაპიდში ჰოფენჰაიმიდან იყო ერთი ფორვარდი განათხოვრებული, ის სკამზე იჯდა მე კი ვთამაშობდი.
- საქართველოში ყველფერი მოიგე, ბომბარდირი გახდი, უცხოეთშიც დაუეფლე ტიტულს და წლებია საქართველოს ნაკრების მაისურას ატარებ. რას ურჩევდი ახალგაზრდა ფეხბურთელებს?
- ფეხბურთი სათანადოდ უნდა გიყვარდეს, ბევრი ცდუნებაა და მასზე უარის თქმა უნდა შეგეძლოს. ფეხბურთს არ უნდა აწყენინო, რასაც მისცემ, უკან იგივე დაგიბრუნდება.
- შენ იგივე გიბრუნდება?
- ვფიქრობ, რომ არა. ფეხბურთს თითქმის მთელი ჩემი ცხოვრება მივეცი. ფეხბურთის საწინააღმდეგოდ არაფფერი გამიკეთებია, ტრავმებმა ძალიან შემიშალა ხელი.
- აბაშაში დაბადებულმა და გაზრდილმა ბიჭმა უკვე ბევრი მოასწარი. ტიტულები, ბომბარდირობა, ნაკრები… რის ხარჯზე მიაღწიე ამ ყველაფერს?
- დიახ, აბაშაში დავიბადე და 13 წლამდე იქ ვთამაშობდი. 20 ბიჭი 1 ბურთით ვვარჯიშობდით და ეს ძალიან რთული იყო. ბევრი გამოვიარე, ვიწვალე ვიშრომე, ფეხბურთს ყველაფერი მივეცი. 13 წლის ვიყავი თბილისში რომ ჩამოვედი და ნათესავებთან ვცხოვრობდი. ყველაფერი გავაკეთე და დღეს თუ არა იმედია მომავალში დამიფასდება.
- პროფესიონალიზმი ახსენე, როგორ ფიქრობ, ეს არის ქართველი ფეხბურთელების მთავარი პრობლემა?
- ჩემი აზრით, ჩვენ ქართველები ცოტას ვჯერდებით. ვიღაცა რაღაცა პატარას მიაღწევს და უკვე კმაყოფილია. ეს ქართველი ხალხიდანაცაა გამოწვეული. პატარა წარმატების შემდეგ, იმხელა ქება-დიდება მოდის, რომ ფეხბურთელს თავი ვარსკვლავი ჰგონია. როცა ახალგაზრდა ბიჭს ჯერ არაფრისთვის მიუღწევია და მას მუდამ აქებ, ბუნებრივია, რომ მიღწეულით კმაყოფილდება.
- შენ გქონია მსგავსი მომენტი?
- არა, რადგან გამიმართლა, რომ ბავშვობიდან ძალიან კარგი მასწავლებელი მყავს მამაჩემის სახით. იგი სულ მეუბნება, რომ მიღწეულით არ დაკმაყოფილდე.