კევინ დურანტი – ფანტასტიკა ნბა-დან

კევინ დურანტის ფანტასტიკური თამაშის ფონზე „ბრუკლინმა“ საკუთარ Barclay Center-ში 114:108 დაამარცხა „მილუოკი“ და საპლეიოფო სერიაში 3:2 დაწინაურდა.

დურანტულამ 48 წუთი დაყო პარკეტზე და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 49 ქულა, 17 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

კევინი ნბას პლეიოფების ისტორიაში გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც 45+ ქულა, 15+მოხსნა და 10 გადაცემა შეასრულა.

შეხვედრის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯეიმს ჰარდენმა მოასწრო გამოჯანმრთელება და ის მატჩში მონაწილეობას მიიღებდა, კაირი ირვინგი კი ისევ აგრძელებდა მკურნალობას.

პირველ მეოთხედში „ნეთსს“ სროლები არ წაუვიდა – თამაშიდან 20-ჯერ ესროლა ბურთი და მხოლოდ 4 ჩააგდო (პერიმეტრიდან 13-დან 2 სამქულიანი). ამ სიტუაციით მშვენივრად ისარგებლა „ბაქსმა“ და სოლიდური უპირატესობა მოიპოვა – კრის მიდლტონის ჩაგდებული სამქულიანის შემდეგ „მილუოკი“ 29:15 გალიდერდა.

მეორე პერიოდშიც სტუმრები დომინირებდნენ – იანის ანტეტენკუმპოს მშვენიერი ასპარეზობის ფონზე (34 ქულა, 12 მოხსნა მატჩში) „ბაქსმა“ პირველი ტაიმი 59:43 მოიგო.

ტრავმა მოშუშებულმა ჰარდენმა მთელი შეხვედრის განმავლობაშ მიზანი ვერ გაისწორა,“ბაბუაწვერამ“ თამაშიდან 10-ჯერ ესროლა ბურთი და მხოლოდ 1 ჩააგდო (8-დან 0 სამქულიანი). მისი ასეთი ცუდი ასპარეზობის ფონზე „მილუოკი“ მშვიდად ინარჩუნებდა 16 ქულიან უპირატესობას მესამე მეოთხედის მეორე ნახევრამდე.

დურანტი სწორედ აქ „აფეთქდა“ – მესამე პერიოდის დარჩენილ 6:18 წუთში „დურანტულამ“ 11 ქულა აიღო და „ნეთსმა“ მეტოქესთან ჩამორჩენა 87:81-მდე შეამცირა.

მეოთხე მეოთხედის სტარტზე კი კევინის მორიგი ზუსიტ სამქულიანით „ბრუკლინის“ შეხვედრაში პირველად გაიჭრა წინ 94:93.

დურანტმა უკანასკნელ 12 წუთში 20 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს, ყველაზე მნიშვნელოვანი კი უკანასკნელ წამებზე „ჩასმული“ სამიანი იყო, რითაც „ნეთსის“ ლიდერმა ბოლომდე დაასამარა „მილუოკის“ იმედები და საკუთარ გუნდს უმნიშნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *