13 ბრეიკი გადამწყვეტ სეტში

საჩოგბურთო ისტორიიდან „უიმბლდონის“ ტურნირს ბევრი ტრადიცია აქვს შენარჩუნებული , თუმცა Manic Monday მაინც განსაკუთრებულია. ორშაბათი, როდესაც ყველა 1/8 ფინალური შეხვედრა ერთ დღეს იმართება.

Manic Monday-ს მშვენებად იქცა კარენ ხაჩანოვის და სებასტიან კორდას დაპირისპირება, მატჩი, რომლის გადამწყვეტ სეტში მაყურებელმა 13 ბრეიკი იხილა. ეს მაჩვენებელი კი მამაკაცთა „უიმბლდონის“ ახალი რეკორდია, წინა „საუკეთესო“ შედეგი 1997 წელს დაფიქსირდა, როდესაც 9 ბრეიკი შესრულდა.

4 ნათამაშები სეტის შემდეგ ანგარიში 2:2 იყო. პირველი პარტია კორდამ მოიგო 6:3, მომდევნო ორი უკვე რუსმა ჩოგბურთელმა 6:4 6:3, მეოთხე სეტში კი ამერიკელმა წონასწორობა აღადგინა 7:5.

მეხუთე, გადამწყვეტი სეტი „გიჟური“ გამოვიდა – 18 გეიმი, 13 ბრეიკი (საწყის 4 სეტში მანამდე მხოლოდ 6 ბრეიკი დაფიქსირდა).
გადამწყვეტ, მეხუთე პარტიაში კორდა ვერ ახერხებდა საკუთარი გეიმების მოგებას, ვინაიდან ჩაწოდების სიჩქარე „დაუვარდა“, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა და ნელ ტემპში ცდილობდა ბადესთან „ასვლას“.

null

თავისმხრივ ხაჩანოვი საკუთარ ჩაწოდებაზე რატომღაც პასიური ხდებოდა და ამერიკელს აძლევდა სათამაშო ინიციატივას, მიღებაზე კი კარენი ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა – ფორჰენდიდან გაცილებით ზუსტად ურტყავდა, ბადესთან სივრცეებსაც უკეთესად „ხურავდა“.

გადამწყვეტი მე-17 გეიმი გამოდგა, როდესაც რუსმა ჩგბურთელმა რისკიანი თამაში წამოიწყო – აღარ დაელოდა მეტოქის შეცდომებს და თავისი სათამაშო აგრესიის ხარჯზე აიღო ქულები ბადესთან. ხაჩანოვმა ბრეიკიანი უპირატესობა დაიბრუნა 9:8, რასაც საკუთარ ჩაწოდებაზე მშრალი ანგარიშით მოგებული გეიმიც მიაყოლა და კარიერაში მეორედ გავიდა „უიმბლდონის“ 1/4 ფინალში 3:6 6:4 6:3 5:7 10:8.

რუსი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე კანადელი დენის შაპოვალოვი იქნება, რომელმაც 3 სეტში 6:1 6:3 7:5 სძლია ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *