14 წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთი დევისის თასის ფინალშია

დასასრულს უახლოვდება 2021 წლის დევისის თასის ფინალური ტურნირი. ნახევარფინალურ ეტაპზე რუსეთის კომიტეტის ნაკრები (დისკვალიფიკაციის გამო არ აქვთ ეროვნული სიმბოლიკების გამოყენების უფლება) გერმანიას დაუპირისპირდა და მეტოქე საკმაოდ იოლად დაამარცხა.

null

პირველები კორტზე ანდრეი რუბლიოვი და დომინიკ კოფფერი გავიდნენ. რუსმა ჩოგბურთელმა მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა და 50 წუთში 6:4 6:0 მოუგო. დომინიკი პირველ სეტში წინააღმდეგობას მაინც უწევდა მეტოქეს, მეორე პარტიაში კი მისი თამაში ბოლომდე „ჩამოიშალა“.

მეორე მატჩში ერთმანეთს დანილ მედვედევი და იან ლენარდ შტრუფი დაუპირისპირდნენ. მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანს მეტოქის გარდა ტრიბუნაზე მოსული მაყურებლის წინააღმდეგაც უწევდა თამაში, ვინაიდან 90% სწორედ გერმანელს გულშემატკივრობდა.

ამ ფაქტორმა დამატებითი მოტივაცია მისცა რუს ჩოგბურთელს, რომელმაც ორივე სეტში თითო-თითო ბრეიკი შეასრულა და ეს სრულებით საკმარისი იყო საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად 6:4 6:4.

null

რუსეთის სპორტული კომიტეტის გუნდი 2:0 დაწინაურდა და გაინაღდა ფინალის საგზური. წყვილთა თანრიგის შეხვედრა სიმბოლურად ჩატარდა, რომელშიც გერმანულმა წყვილმა კრავიცი/პუეცი 4:6 6:3 6:4 მოუგო კარაცევ/ხაჩანოვის ტანდემს, თუმცა ამ შედეგს საერთო რეზულტატზე უკვე აღარანაირი გავლენა აღარ მოუხდენია.

2007 წლის შემდეგ რუსეთი პირველად გავიდა დევისის თასის ფინალში, სადაც მისი მეტოქე ხორვატიის ნაკრები იქნება. ფინალური სერია 19:00 – ზე აიღებს სტარტს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *