დღეს სტარტს აიღებს 2023 წლის საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. G ჯგუფში საქართველო, ესპანეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ მაკედონია იმყოფებიან. ნაკრებები შინ და გარეთ პრინციპით 6 მატჩს ჩაატარებენ და მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გავა. პირველ ტურში საქართველო უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონია ესპანეთს.
საქართველოს ნაკრებმა მზადება თბილისის სპორტის სასახლეში, 20 ნოემბრიდან დაიწყო. საწყისი 2 დღის განმავლობაში გუნდს მთავარი მწვრთნელის ასისტენტები – ანატოლი ბოისა, მილოშ გლიგორიევიჩი და გეორგიოს ლიმნიატისი ავარჯიშებდნენ, 22 ნოემბრიდან კი ნაკრების მომზადების პროცესს უკვე მთავარი მწვრთნელი – ილიას ზუროსი უძღვება.
საქართველოს ნაკრებს პირველი სანაკრებო ფანჯრის პერიოდში ვერ დაეხმარებიან NBA-ში მოასპარეზე ლეგიონერები – გოგა ბითაძე („ინდიანა“) და სანდრო მამუკელაშვილი („მილუოკი“). ასევე არ იქნებიან ამერიკულ NCAA-ს ლიგაში მოასპარეზე ქართველები – რატი ანდრონიკაშვილი („კრეიტონი“), ცოტნე ცარციძე („ნორს დაკოტა ფაითინგ ჰოუქსი“), საბა გიგიბერია („ჯორჯია ტექი“) და ლუკა ავალიანი („სევან ტაიგერსი“).
ევროპაში მოთამაშე ქართველმა კალათბურთელებმა მოასწრეს ტრავმების მოიშუშება(შენგელია, შერმადინი) და დღეს 19:00-ზე უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ.
გუშინ საქართველოს ნაკრებმა ბოლო ვარჯიში ჩაატარა, რომლის დასკვნითი ნაწილი ჟურნალისტებისთვის ღია იყო. პრესის წარმომადგენლებთან კომენტარები გააკეთეს ილიას ზუროსმა და გიორგი შერმადინმა.
უკრაინის ნაკრები საკმაოდ უხერხული მეტოქეა საქართველოსთვის. მათი მთავარი მწვრთნელი ლატვიელი სპეციალისტი აინარს ბაგატსკისია, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში აქვს ნამუშევარი ქართულ სუპერლიგაში და კარგად იცნობს როგორც მოთამაშეებს, ასევე სიტუაციას.
ბოლო მომენტში უკრაინელთა შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება მოხდა – ტრავმა მიიღო ვიაჩესლავ ბობროვმა, მის ნაცვლად კი ამერიკელი ლეგიონერი ჯერომ რენდლი დაიმატეს.
რენდლს ევროპის მასშტაბით არაერთ ძლიერ გუნდში უთამაშია – „ჟალგირისი“, „ბეტისი“, „ფუენლაბრადა“, „ლოკომოტივ ყუბან-კრასნოდარი“.
ჯერომმა 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზეც იასპარეზა უკრაინის ნაკრების მაისურით და 34 წლის უკანახაზელის საშუალო სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა – 13.2 ქულა, 2 მოხსნა და 4.4 პასი.
საქართველოს და უკრაინის ბოლო დაპირისპირება 2017 წლის ევრობასკეტზე შედგა, ჩვენმა ნაკრებმა მტკივნეული მარცხი განიცადა 81:88, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა საქართველოს ჯგუფში ჩარჩენა.
2012 და 2016 წელს, თბილისის საერთაშორისო ტურნირზე საქართველომ ორჯერ დაამარცხა მეტოქე 95:69 და 73:69.
2011 წლის ევრობასკეტზე, ჯგუფურ ეტაპზე კი საქართველომ უკრაინა 69:53 გაანადგურა.
(სტატიაში გამოყენებულია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ფოტო და ვიდეო მასალა)