დღეს, 8 დეკემბერს უეფას შტაბ ბინაში წილისყრის შედეგად საქართველოს17 წლამდე ნაკრების მეტოქეები გაირკვა, რომლებიც ჩვენს გუნდს ელიტ რაუნდში შეხვდებიან. გიორგი ჩიტაურის დამოძღვრილები გერმანიის, ჩეხეთის და შოტლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. ტურნირი 22-29 მარტს შოტლანდიაში გაიმართება.
ფავორიტად გერმანიის ნაკრები მიიჩნევა, გერმანელებს აღნიშნულ ასაკშიც ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ და შედეგებითაც გამოირჩევიან. მოგეხსენებათ ჯგუფიდან 2 გუნდი გადის და ამიტომ ქართველთა ევროპირველობაზე გასვლა სავსებით რეალურია და იმედია ჩვენი ბიჭები ამ ბარიერს დაძლევენ.
ასევე დღეს გაიმართა 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის წილისყრა. ვასილ მაისურაძის შეგირდები ხორვატიის, რუმინეთის და ისლანდიის ასაკობრივ ნაკრებებს შეხვდებიან. მატჩები 22-29 მარტს გაიმართება. ჯერ-ჯერობით უცნობია სად ჩატარდება ელიტ რაუნდი.
19 წლამდე ევროპის ჩემპიონატი 8 გუნდიანია და ჩვენებს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად მხოლოდ პირველი ადგილი აძლევთ ხელს. ვასილ მაისურაძეს მსგავსი წარმატებისთვის უკვე მიღწეული აქვს. 2012 წელს როცა იგი 17 წლამდე ნაკრებს წვრთნიდა, ელიტ რაუნდში მეტოქეები ინგლისის, უკრაინის და ესპანეთის ნაკრებები იყვნენ, თუმცა პირველობა ჩვენს გუნდს დარჩა.