17 დღე… ვინ როგორ ხვდება სანაკრებო მატჩებს?

დილემა, საკადრო პრობლემა… ორივე აწუხებს საქართველოს ნაკრებს სექტემბრის მატჩების წინ. სხვანაირად, იშვიათად რომ როდესმე ყოფილიყო და ვილი სანიოლმაც იცის, რომ თავსატკივარი ბევრი ექნება. მწვრთნელის საქმეც ხომ სწორედ ესაა.

დავიწყოთ რგოლების მიხედვით. აქ მართლაც ასარჩევადაა საქმე, რადგან 4 პრეტენდენტი მეკარეა და ოთხივეს ამბიცია აქვს. თან ოთხივე სხვადასხვა თაობის: გიორგი ლორია, გიორგი მაკარიძე, ლაზარე კუპატაძე და გიორგი მამარდაშვილი. ეს ბოლო პერიოდი მამარდაშვილისაა… მეკარე სპეციფიკური პოზიციაა და როგორც წესი, მწვრთნელები იერარქიას მიჰყვებიან, მაგრამ ლა ლიგაში დებიუტი, საოცარი მოგერიებები ძალიან ბევრს ნიშნავს.

დაცვა: უკლუბოდ არიან სოლომონ კვერკველია და გია გრიგალავაც. ლაშა დვალს თვენახევარია არ უთამაშია. დაცვის ცენტრში თითქოს გამოკვეთილია კაშია-ხოჭოლავას წყვილი. ფლანგებზე კი საკადრო პრობლემები ნაკლებადაა, რადგან გრიგოლ ჩაბრაძე-ოთარ კაკაბაძეს შორის კონკურენციაა და ასევე, მარცხნივაც გურამ გიორბელიძე ვერ იქნება მშვიდად, რადგან ირაკლი აზაროვი პროგრესირებს და ევროტურნირებზე ეს აშკარად გამოჩნდა. თუმცა მეორე მხრივ, დვალიც ნაკრებში გამოკვეთილ მარცხენა მცველად დგას…

დვალის მსგავსად, მარცხენა განაპირა და მარცხენა ცენტრალურ მცველადაც თამაშობს ჯიმი ტაბიძე, მაგრამ ტრავმა აქვს და ორიოდე თვე კიდევ ვერ ითამაშებს.

ნახევარდაცვა: ჯაბა კანკავა და ოთარ კიტეიშვილი უკონკურენციოები, სტაბილურები არიან. აი, ვაკო გვილია კვლავ უკლუბოდაა. ნიკა კვეკვესკირი და გიორგი აბურჯანია – ბოლო დროს ისე ხდება, რომ კონკურენტები არიან. ჰგვანან, მაგრამ მაინც ოდნავ განსხვავებული ფუნქციებით. არ დაგვავიწყდეს ბუბა დაუშვილიც, რომელმაც წინა ორ ამხანაგურში ითამაშა.

შემტევი სამეული: აქ ბევრი ვარიანტია. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. გამოკვეთილი მხოლოდ ერთი კაცის პოზიციაა – ხვიჩა კვარაცხელიასი. გვახარებს გიორგი ჩაკვეტაძის ათამაშება და იმედია, სექტემბრის შეხვედრებში გაიბრწყინებს. ჩაკვე ეტაპ-ეტაპ უნდა დაუბრუნდეს ძველებურ ფორმას, დოზირებული სათამაშო დროით. მასზე ლიდერის ტვირთის აკიდება ჯერ ნაადრევია, მაგრამ ნათელი გონება რომ შეემატება ნაკრებს, ეს უკვე ბევრს ნიშნავს. თუ სანიოლი გამოკვეთილი ფორვარდით თამაშს გადაწყვეტს, ალბათ, მიქაუტაძეს ექნება მეტი შანსი (ან ქვილითაიას). ეგაა, პრაქტიკა მიქაუტაძესაც აკლია: ლიგა 1-ის ორ შეხვედრაში მხოლოდ 2 წუთი ცოტაა. თუმცა ისიც გავითვალისწინოთ, რა დონის ჩემპიონატზეა ლაპარაკი.

და არანაკლებ მოსალოდნელია, რომ ცრუ ცხრა ნომრითაც იყოს ნაკრები (გარკვეული პერიოდით მაინც).

კარგია, რომ საბა ლობჟანიძემ თურქეთის ლიგა ლამაზი გოლით დაიწყო; ასევე, ზურიკო დავითაშვილმა შეაგდო რუსეთში… თუმცა ფეხბურთი მხოლოდ გოლი და ციფრები არაა, სანიოლი გადაწყვეტს, ვინ როგორ ფორმაშია, ვის რა დრო მიეცემა.

სამხრეთ კორეის ულსანში მოთამაშე ვაკო ყაზაიშვილი სანიოლს საქმეში ჯერ არ უნახავს: ვაკოს წლეულს ნაკრებში არ უთამაშია.

სავარაუდო დებიუტანტები? დაცვაში თითქოს ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც ავსტრიის ვოლფსბერგერშია. აი, მოსალოდნელი იქნებოდა ნახევარმცველ ვლადიმერ მამუჩაშვილის, გიორგი ალთუნაშვილისა და ფორვარდ გიორგი ფანცულაიას კანდიდატურები, ყოველ შემთხვევაში, სამივესი თუ არა, ერთის, ან ორის მაინც. რადგან ევროტურნირებზე მშვენივრად ითამაშეს. მაგრამ არის ერთი პრობლემა: ეროვნული ლიგა შეწყდა და იქნებიან ტონუსში?

შეგახსენებთ, 2 სექტემბერს საქართველო ბათუმში კოსოვოს უმასპინძლებს, 5-ში ბადახოსში ესპანეთს ხვდება, ხოლო 8-ში ამხანაგური ელის გასვლაზე ბულგარეთთან.

პირველ მატჩამდე 17 დღე დარჩა და სანიოლიც მალე დაასახელებს შემადგენლობას.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *