18 წლის ალკარასმა რიოს ტურნირი მოიგო

ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიოროში დასრულდა ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ მატჩში კარლოს ალკარასმა 6:4 6:2 სძლია დიეგო შვარცმანს და კარიერაში მეორე ტიტული მოიგო.

შეხვედრის სტარტი დიეგოს უკეთესი გამოუვიდა – არგენტინელმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა. თინეიჯერმა ესპანელმა მალევე მოახერხა თამაშის რიტმში “ჩაჯდომა” – ჯერ უკუბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მე-9 გეიმში მეტოქის ჩაწოდება კიდევ ერთხელ მოიგო, რასაც სეტში გამარჯვებაც მოყვა 6:4.

null

მეორე პარტიის პირველივე გეიმში ამჯერად კარლოსმა დააბრეიკა მეტოქე, თუმცა შვარცმანმა უკუბრეიკი დროულად შეასრულა 1:1. მთელი შეხვედრის განმავლობაში არგენტინელი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა საკუთარ ჩაწოდებაზე – პირველი ჩაწოდებისას გათამაშებების მხოლოდ 48% მოიგო (31-დან 15), ხოლო მეორე ჩაწოდებაზე 39% (18-დან 7).

კარლოსმა ეს იდეალურად გამოიყენა – მეორე სეტის 1:1-დან ზედიზედ 4 გეიმი მოიგო და შეხვედრაში გამარჯვებულის ბედი გადაწყვიტა. მატჩის ბოლოსკენ შვარცმანმა თითქოს გაიბრძოლა, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა 4:6 2:6.

კარლოს ალკარასმა კარიერაში მეორე ტიტული მოიგო(2021 წელს ასევე მოიგო უმაგის ტურნირი) და ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირების არსებობის ისტორიაში(2009 წლიდან) გახდა ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული.

18 წლის თინეიჯერმა 500 სარეიტინგო ქულასთან ერთად 317 400 ამერიკული დოლარი მიიღო. განახლებული რეიტინგით ალკარასი მსოფლიოს მე-20 ჩოგანია (2061 ქულა), მასზე ერთი საფეხურით წინ იმყოფება ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი – მე-19 პოზიცია (2156 ქულა).

Leave a comment

Your email address will not be published.