ვერცერთხელ ამერიკაში

მუნდიალზე, ყველაზე “პოლიტიკურ ჯგუფში” (ინგლისი, აშშ, ირანი, უელსი) ოთხივე ნაკრებს გასვლის შანსი აქვს. აი, ინგლისმა ვერ გატეხა ამერიკა და თამაშითაც ვერ აჯობა – 0:0…

საინტერესოა, რომ ინგლისი მუნდიალზე უკვე მესამედ შეხვდა აშშ-ს და ვერცერთხელ ვერ მოუგო. სამივეჯერ ჯგუფში. 1950 წელს სენსაციურად წააგო 0:1, 2010-ში 1:1 და აი ამჯერად ნულები.

თამაშს მივყვეთ: თავიდან და ბოლო წუთებზე ჰარი კეინს ჰქონდა შანსები. სულ ეს იყო, მეტი რეალურად სახიფათო მომენტი საუთგეიტის გუნდს არ მისცემია. აქეთ კი პულიშიჩის ხარიხა გავიხსენოთ, ასევე დესტის გარღვევები და ჩაწოდებები.

საინტერესო ფაქტი: მატჩმა ბარათის გარეშე ჩაიარა, არც ყვითელი, არც წითელი… ამერიკელები თითქოს უფრო მოწადინებულები იყვნენ შეტევაზე და აშკარად აკლდათ დამაგვირგვინებელი. ინგლისი კი აკადემიურად თამაშს ცდილობდა.

საუთგეიტს კრიტიკა არ ასცდება. იგნორირებული ჰყავს ფოდენი, ხოლო ალექსანდრ-არნოლდი რომ არ მოსწონს, სიახლე არაა. ირანთან 6:2 მოგების მერე ეს ძალიან უფერული თამაში ჩაატარეს.

საუკეთესო

ტაილერ ადამსი. ამერიკელთა საყრდენმა დიდი სამუშაო გასწია. მოედნის ცენტრში დეკლან რაისსა და ჯუდ ბელინგემს არ ჩამორჩა… ადამსი ლიდსის წევრია. სხვათა შორის, ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია ამ მუნდიალზე: 23 წლისაა!

ბოლო ტურში კარგი აფიშაა: ოთხქულიანი ინგლისი ერთქულიან უელსს ხვდება, ხოლო ორქულიანი აშშ სამქულიან ირანს. დანარჩენი იოლი დასათვლელია.

ინგლისი-აშშ 0:0

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *