ჩემპიონთა ლიგა პლეი-ოფებით განახლდა. ბაიერნი პსჟ-ს ესტუმრა და 1:0 დაამარცხა, ამავე ანგარიშით მოუგო მილანმა შინ ტოტენჰემს.
პარიზში გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი სანახაობრივი ნამდვილად არ იყო, მეორე ნახევარში კი გუნდებმა მეტად შეუტიეს. ერთადერთი გოლი კინგსლი კომანმა 53-ე წუთზე შეცვლიდან შესული ალფონსო დეივისის პასით გაიტანა. სათქმელია, რომ კომანმა ყოფილი გუნდის კარში გოლი არ აღნიშნა. თამაშში ახლად გამოჯანმრთელებული კილიან მბაპე აქტიურად ჩაერთო და გაიტანა კიდეც, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი არ ჩაითვალა. 92-ე წუთზე პსჟ 10 კაცით დარჩა. ბენჟამინ პავარმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ბაიერნს განმეორებით შეხვედრაში მისი სახით დიდი ძალა დააკლდება. ასე და ამგვარად ბაიერნმა პსჟ-ს 1:0 მოუგო და განმეორებითი შეხვედრა 9 მარტს მიუნხენში გაიმართება.
2014 წლის შემდეგ პირველად მილანმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშა, ითამაშა და მოიგო. თამაშიდან გამომდინარე თუ ვინმე მოგებას იმსახურებდა, ეს სწორედ როსონერი იყო. მატჩი სწრაფი გოლით დაიწყო, ბრაჰიმ დიასმა იტალიელები მე-7 წუთზე დააწინაურა და როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ამ თამაშის ერთადერთი შედეგიანი დარტყმა გახლდათ. ამის შემდეგ კვლავ მილანი უფრო აქტიურობდა, თუმცა გოლი აღარ გასულა, 1:0 და ამ გუნდებს შორის განმეორებითი დაპირისპირება 9 მარტს ლონდონში გაიმართება.