2 მედალი ზაგრებიდან

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში სტარტი აიღო ძიუდოს მორიგმა გრან პრიმ. პირველ საჭიდაო დღეს ტატამიზე 3 ქართველი გამოვიდა და 2 მედალიც მოვიპოვეთ – ვერცხლი და ბრინჯაო.

null

ეთერ ლიპარტელიანმა ბუდაპეშტის გრანდ სლემი ავადმყოფობის გამო გამოტოვა, თუმცა ზაგრების ტურნირისთვის დროულად მოახერხა გამოჯანმრთელება და წარმატებითაც დაბრუნდა.

-57 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა პირველ შეხვედრაში ვაზარის უპირატესობით სძლია აცელია ტოპრაკს, მეორე ორთაბრძოლისას 3 გაფრთხილება მიაღებინა ოლივია გერჩს და მსაჯს მეტოქე მოახსნევნა. 1/4 ფინალურ სტადიაზე ლიპარტელიანმა ტეა ტოპოლევიჩი შებოჭა, ხოლო 1/2 ფინალურ სტადიაზე ეთოს ცოტა გაუჭირდა – კუბელ არნაეს გარსიასგან გდება გაუშვა, თუმცა საპასუხო ვაზარიმაც არ დააგვიანა. გაწელილ ორთაბრძოლაში ქართველმა კუბელს 3 გაფრთხილება მიაღებინა და ფინალის საგზურიც გაიფორმა.

ფინალურ მატჩში ეთერ ლიპარტელიანი წმინდად დამარცხდა იაპონური წარმოშობის კანადელ ძიუდოისტ კრისტა დეგუჩისთან და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ქართველ ძიუდოისტს 2022 წელს ბრწყინვალე სეზონი გამოსდის – ყველა ტურნირზე შეძლო მედლის მოგება (თელ ავივში ვერცხლი, თბილისში ბრინჯაო, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო, ზაგრებში ვერცხლი).

null

მიღწეული წარმატებების ფონზე ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო LIVE რეიტინგში მეოთხე ადგილზეა, რაც ბრწყინვალე შედეგია.

  •  *    *   *

საქართველოს ძიუდოს ნაკრებს ზაგრებში მეორე მედალი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოუპოვა 60 კგ წონით კატეგორიაში – ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონმა პირველ ორთაბრძოლაში ვაზარის უპირატესობით დაამარცხა ტაჯიკეთის წარმომადგენენლი მუჰამადსოლე ქუვატოვი, მომდევნო ეტაპზე კი ბრაზილიელი მათეუს ტაკაკი შებოჭა. სამწუხაროდ 1/4 ფინალურ სტადიაზე სარდალაშვილი ვაზარით დამარცხდა მაქსიმე მერლინთან და რეპეშაჟში გადაერთო.

გიორგიმ ჯერ ჰაკბერდ ჯუმაევი დააიპონა 90 წამში, ბრინჯაოსთვის დაპირისპირებაში იგივე “გზას გაუყენა” ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი.

სარდალაშვილს საკმაოდ წარმატებული სეზონი გამოსდის – ესპანურ მალაგაში ახალგაზრდული შეჯიბრება მოიგო, ვარშავაში მეხუთე ადგილზე გავიდა, თბილისის გრანდ სლემზე ფინალი წააგო, ხოლო ზაგრებში ბრინჯაო მოიპოვა.

null

სამწუხაროდ უმედლოდ დარჩა ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), რომელმაც პირველივე ორთაბრძოლა წააგო სერბ ბუნჩიჩთან და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.

დღეს ზაგრებში ტატამიზე საჭიდაოდ 3 ქართველი ძიუდოისტი გამოვა – 73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი, ხოლო 81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილი.

Leave a comment

Your email address will not be published.