20 წლის სინერის სადებიუტო გამარჯვება შემაჯამებელ ტურნირზე

იტალიის ქალაქ ტურინში გრძელდება ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი. პირველ სათამაშო დღეს ტრავმა მიიღო მატეო ბერეტინიმ, რომელმაც გამოჯანმრთელება ვერც ჯგუფური ეტაპის მეორე ტურისთვის მოახერხა და მისი შეცვლა თანამემამულე იანიკ სინერით მოხდა.

20 წლის იანიკი სადებიუტო მატჩს შემაჯამებელ ტურნირზე უახლოესი მეგობრის – ჰუბერტ ჰურკაჩის წინააღმდეგ ატარებდა. ეს ჩოგბურთელები ATP TOUR-ზე ერთადერთხელ იყვნენ შეხვედრილები – წლევანდელი მაიამის ტურნირის ფინალში პოლონელმა ორ სეტში იმარჯვა.

შეხვედრის სტარტი სინერს უკეთესი გამოუვიდა, რომელიც გაცილებით უფრო უკეთესად გადაადგილდებოდა კორტზე და უკანახაზიდან დიდ პრობლემებს ქმნიდა.
იტალიელმა ჩოგბურთელმა საწყისი 6 გეიმიდან 5 მოიგო და სოლიდური სხვაობით დაწინაურდა 5:1. ჰუბერტი გვიან გამოფხიზლდა – ერთი გეიმის მოგება შეძლო, თუმცა სეტი ვეღარ გადაარჩინა 2:6.

მეორე პარტიაც ანალოგიური სცენარით წარიმართა – იანიკმა თავისთვის კომფორტული ჩოგბურთი ითამაშა და მეორე სეტიც ასევე ორბრეიკიანი უპირატესობით მოიგო 6:2 6:2.

„რათქმაუნდა, ეს გამარჯვება ჩემს კარიერაში ერთ -ერთ საუკეთესოდ შეგვიძლია შევაფასოთ. ამ ტურნირს მატეო ბერეტინისთვის ვთამაშობ, მან ჩემზე მეტად დაიმსახურა აქ ასპარეზობა.
დაუჯერებლად მაგარია, როდესაც იტალიაში გვიწევს თამაში და შენ ათასობით თანამემამულე გიჭერს მხარს. კორტზე გატარებული თითოეული წამით ვცდილობდი მიმეღო სიამოვნება“ – განაცხადა სინერმა პრესკონფერენციაზე .

მოპოვებული გამარჯვების ფონზე 20 წლის იანიკი დაბრუნდება ტოპ 10-ში და იქ დაასრულებს 2021 წლის სეზონს. იტალიელ ჩოგბურთელს აქვს შანსი შემაჯამებელი ტურნირის 1/2 ფინალში გავიდეს – ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მან მედვედევი უნდა დაამარცხოს, ხოლო ჰურკაჩმა საშა ზვერევს მოუგოს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *