მანჩესტერ სიტის მიმართ ყოველ საათში ჩნდება ახალი ცნობები: რა სასჯელი ელის კლუბს, თუკი ფინანსურ მაქინაციებს დაუმტკიცებენ? 100 ბრალდებაა…
ზოგიერთი წყარო წერს, რომ სიტის ამბების გამოძიება ორ წელიწადს გაგრძელდება. ზოგის აზრით, 4 წელიც არ ეყოფა…
როგორც იცით, სიტი 2008 წელს გადავიდა Abu Dhabi United GrouP-ის ხელში. მას შემდეგ ეტაპობრივად ისმოდა სატრანსფერო ფეარ-ფლეის დარღვევაზე და სხვა გადაცდომებზეც. ორი წლის წინ სიტი ევროტურნირებიდანაც მოკვეთეს, მაგრამ კლუბმა აპელაციას მიმართა და მოიგო.
2012 წლიდან მოყოლებული, მანჩესტერ სიტიმ 6-ჯერ მოიგო პრემიერლიგა. შესაძლოა, ტიტულები ჩამოართვან, შესაძლოა, ჩემპიონშიფში დააქვეითონ, შესაძლოა სულაც რამდენიმე ლიგით ქვემოთ ჩაუშვან გლაზგო რეინჯერსივით.
Sky Sports-ის ინფორმაციით, პრემიერლიგის კლუბებს სურთ, რომ სიტი ამ ლიგიდან მოკვეთონ – ტიტულების ჩამორთმევას აზრი არ აქვსო…
რას აკეთებდა მანჩესტერ სიტი 2012 წლამდე? ესე იგი, ფინანსური მაქინაციებით გახდა ლიდერი – ასეთი პოზიცია აქვთ ინგლისურ კლუბებს, განსაკუთრებით კი ლივერპულს, არსენალს, მანჩესტერ იუნაიტედს, ჩელსისა და ტოტენჰემს. გასაგებიცაა, მათთვის სიტი ყელში გაჩხერილი ძვალივითაა.
„სიტი ვერასოდეს გახდება ისეთივე დიდი კლუბი, როგორც იუნაიტედი. თუ გავლენებს გავითვალისწინებთ, მითუმეტეს ვერ გახდება. თუმცა ახლა სიტიში დიდი ფულია. ფეხბურთში სუფთა ფინანსური სიტუაცია რომ იყოს, მანჩესტერ იუნაიტედი ყოველ წელს ინგლისის ჩემპიონი გახდებოდა. კლუბს ისეთი საფუძველი აქვს ჩაყრილი და იმდენად დიდი კაპიტალი აქვს, რომ ტრანსფერებზე თავისუფლად აჯობებდა სხვებს. მფლობელებისგან განსაკუთრებული დაფინანსებები რომ არა, ვერასოდეს ვერ ვნახავდით ბრაიტონს, ბრენტფორდს, ბორნმუთს… და როცა სიტიმ ძალიან დიდი ტრანსფერები დაიწყო, არსენალმა, მანჩესტერ იუნაიტედმა, ლივერპულმა და ჩელსიმ იფიქრეს, რომ რაღაც ისე ვერ არის“ – თქვა მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა და ამჟამად ტელეექსპერტმა გარი ნევილმა.