ATP და WTA აგრძელებენ 2022 წლის საჩოგბურთო სეზონის შეჯამებას და ყოველდღიურად აქვეყნებენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს.
მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში წლის ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშის ტიტული 19 წლის კარლოს ალკარასმა მიიღო.
სეზონის სტარტზე თინეიჯერი ესპანელი 32-ე ჩოგანი გახლდათ, 2022 წელს მან ჯამში 5 ტიტულის მოგება შეძლო (2 მასტერსი, 1 გრანდ სლემი) და მსოფლიო რეიტინგს ჩაუდგა სათავეში.
გაწეული დიდი ქველმოქმედებისთვის არტურ ეშის სახელობის პრიზი – ენდი მარეის გადაეცა. 1 მარტს, ბრიტანელმა ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ 2022 წელს საჩოგბურთო კორტზე გამომუშავებულ სრულ თანხას გადაურიცხავს UNICEF-ს, რომელიც თავისმხრივ ამ ფულით უკრაინელ ლტოლვილებს დაეხმარება.
ქალთა ერთეულთა თანრიგში წლის საუკეთო დარტყმა იგა შვიონტეკმა შეასრულა. პოლონელმა ჩოგბურთელმა მაიამის ტურნირზე იდეალურად იასპარეზა და არაერთი დასამახსოვრებელი ქულა მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ნომინაცია – წლის საუკეთესო დარტყმა 2013 წლიდან ჯილდოვდება. 2013-17 წლებში ამ პრიზის მფლობელი აგნეშკა რადვანსკა გახლდათ, 2018 და 2021 წლებში ეს ჯილდო სიმონა ჰალეპმა მოიგო, 2020 წელს მაგდა ლინეტმა, ხოლო იგამ 2019 და 2022 წლებში.