სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი“ ფორმის პიკზე შეხვდა 2022 წელს. „ბაქსი“ სუპერ-შედეგიან კალათბურთს თამაშობს და უბრალოდ ანადგურებს მეტოქეებს. მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილმა გუნდმა ამჯერად „პელიკანსს“ სძლია 136-113 და მოგებათა სერია 6 მატჩამდე გაზარდა.
შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ბრენდონ ინგრამის, ზაიონ ვილიამსონის და იონას ვალანჩუნასის გარეშე მოასპარეზე „ნიუ ორლეანი“ მშვენივრად გამოიყურებოდა – ჯოშ ჰარტის(14 ქულა, 11 მოხსნა,9 პასი) ჭკვიანური თამაშის ფონზე გუნდმა პირველი მეოთხედი მხოლოდ 3 ქულით წააგო (24-27), ხოლო მეორე პერიოდში ჯექსონ ჰეიესის ზუსტი სროლების შედეგად 1 ქულიანი უპირატესობაც მოიპოვა.
„მილუოკი“ სწორედ აქ „აფეთქდა“ – იანის ანტეტენკუმპომ და მისმა თანაგუნდელებმა პირველი ტაიმის მიწურულს 7:0 გაქცევა მოაწყვეს და ლიდერობა მალევე დაიბრუნეს.
მესამე მეოთხედში „ბაქსმა“ აღებული ტემპი აღარ დააგდო და შეხვედრაში ყველანაირი ინტრიგა მოკლა. ბრწყინვალე ფორმაშია იანის ანტეტენკუმპო, 25 დეკემბრის შემდეგ იგი საშუალოდ მატჩში 33 ქულას, 11.5 მოხსნას და 6.5 პასს აგროვებს. „ნიუ ორლეანთან“ მდაპირისპირებისას კი ბერძენმა ფორვარდმა საერთოდ სამმაგი დუბლი შეასრულა – 35 ქულა, 16 მოხსნა, 10 პასი.
27 წლის „გრიკ ფრიკმა“ მიმდინარე სეზონში მეორე, ხოლო კარიერაში 27-ე „ტრიპლ დაბლი“ შეასრულა და საკუთარ გუნდს მიეხმარა მორიგი გამარჯვების მოპოვებაში 136-113.
„მილუოკის“ რიგებში პარკეტზე 3 წუთით შემოვიდა სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც ზუსტად გაისროლა პერიმეტრიდან და შეხვედრა 3 ქულით დაასრულა.
„ბაქსი“ 25 მოგებით და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს, ხოლო „პელიკანზი“ დასავლეთში ბოლოდან მეორე, მე-14 პოზიციაზეა ბალანსით 13-23.