3 მთავარი მიზეზი: რა მოხდა 104-ე წუთის მერე…

ფეხბურთი დეტალებშია და ის, რაც დინამო ბათუმს 13 ივლისს დაემართა, დეტალებზე მეტი იყო… სანამ წაგების მიზეზებზე დავწერთ, მანამდე აღვნიშნოთ: გია გეგუჩაძის გუნდი საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესოა თითქმის ყველა პარამეტრით. შედეგითაც, ხარისხითაც.

სწორედ ამიტომ ორმაგად გვწყდება გული სლოვანთან მომხდარზე.

გატანილი გოლის მერე ამჩატება, ფაციფუცი. დინამო ბათუმის ფეხბურთელები ემოციებიდან ვერ გამოვიდნენ. არადა, თავისუფლად შეიძლებოდა თამაშის მოკვლა (ჟარგონულ ენაზე), იგივენაირად გაგრძელება. რატომ უნდა აჰყვე გამწარებულ მეტოქეს პროვოკაციაზე? რატომ უნდა ანერვიულდე?

პირველი: კუთხურის დროს ახლო ძელთან ვინმე უნდა მდგარიყო;

მეორე: მეკარე კუთხურის დროს ასე არ უნდა იდგეს. უბრალოდ, ფოტოს დააკვირდით, საოცარი მომენტია… ეს ხდება ბოლო წამებზე.  მსგავსი მდგომარეობა შეიძლება კუთხურის დროს?

მესამე: რაც უკვე დავწერეთ. დავითაშვილის გოლის მერე აფორიაქება, ემოციებზე თამაში. სამწუხაროდ, ვერავინ აღმოჩნდა მოედნაზე ისეთი, რომელიც გუნდს დაამშვიდებდა და ისე გააგრძელებინებდა თამაშს, როგორც მანამდე იყო. შესაძლოა, გეგუჩაძე ხედავდა ამას და გამოსწორება სცადა, მაგრამ მოედანზე არ აღმოჩნდა ისეთი არავინ, რომელიც ეტყოდა ბიჭებს: თავი ხელში აიყვანეთ, ვაგრძელებთ 0:0-ივით.

ხომ ნახეთ რა ხდებოდა ბოლო წუთებში. რესურსი არ გვეყო, დავკარგეთ ბურთი და ტერიტორია. ნათქვამია, ძლიერებს უმართლებსო და სლოვანი ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა“ – ეს თქვა გია გეგუჩაძემ.

ერთიც: ცუდი მსაჯობა იყო, გადამწყვეტ მომენტებში არბიტრი თითქოს ერთ მხარეს იჭერდა  (პენალტს რომ თავი დავანებოთ, ყვითელი ბარათები…), მაგრამ ხომ მაინც გაიტანა დინამო ბათუმმა? ხომ გავიდა წინ 104-ე წუთზე? ისევ საკუთარმა შეცდომებმა დაღუპა.

მთავარი მაინც ხასიათი აღმოჩნდა. გუნდი დავითაშვილის გოლის მერე ემოციებში ჩავარდა და ვერ გამოვიდა… და ვისაც არ დაეზარება, ნახოს ბოლო 15 წუთი. სლოვანის პირველ გოლამდეც შეიმჩნეოდა ბათუმელთა აფორიაქება, ნერვიულობა.

არადა, სრული ორმატჩიანი 210 წუთის მიხედვით, დინამო ბათუმი უფრო მწვავედ თამაშობდა, მეტს უტევდა, მეტი მომენტი შექმნა. ეს არ კმარა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *