3 წონის ლიდერები | ცვლილებები ძიუდოს რეიტინგში

საქართველოს ძიუდოსტთა ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემი ტრიუმფით დაასრულა, ჯამში 14 მედალი მოიპოვეს, 5 ოქრო. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ტურნირის დასრულების შემდეგ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა და ქართველ ძიუდოსტებს საგრძნობი წინსვლა აქვთ. წონითი კატეგორიების სათავეში უკვე 3 ქართველია, ათეულში კი ნაკრების 13 წევრი გახლავთ.

-60 კგ წონით კატეგორიაში ერთი ადგილით წინ წაიწია ლუხუმ ჩხვიმიანმა, რომელიც ახლა რეიტინგის მე-8 ნომერია და 2 127 ქულა აქვს. გრანდ სლემის ჩემპიონმა თემურ ნოზაძე წარმატებული გამოსვლის შემდეგ კვლავ მე-11 ადგილზეა 2 007 ქულით. ტურნირის ფინალისტი გიორგი სარდალაშვილი 2 პოზიციით დაწინაურდა და ახლა 22-ე ნომერია რეიტინგში.

-66 კგ წონით კატეგორიაში თბილისის გრანდ სლემის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ვაჟა მარგველაშვილი მესამე პოზიციამდე დაწინაურდა და ახლა 3717 ქულა აქვს. გიორგი თუთაშვილი, რომელიც ტურნირის ვერცხლის მედალოსანი გახდა 45-ე პოზიციაზეა 700 ქულით.

-73 კგ წონით კატეგორიაში კვლავ ლიდერია ლაშა შავდათუაშვილი (5 932), რომელმაც გრანდ სლემის მოგება მოახერხა. მეორე ადგილოსან მონღოლ ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირს კი ~1500 ქულამდე უგებს. ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი ტერაშვილი 4 პოზიციით დაწინაურდა და ახლა 19-ე ნომერია.

-81 კგ წონით კატეგორიაში ლიდერი გახდა ტატო გრიგალაშვილი(6 492), რომელმაც ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. წონის მეორე ნომერი კი ბელგიელი მატიას კასეა (6 355). ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტი გიორგი შერაზადიშვილი(1 086) 2 პოზიციით დაწინაურდა და 30-ე პოზიციაზეა.

-90 კგ წონით კატეგორიის ათეულში ერთბაშად 3 ქართველი ძიუდოისტია: ოლიმპიური ჩემპონი ლაშა ბექაური (3 500) მეოთხეა, ლუკა მაისურაძე (3 150) მე-5, თბილისური ტურნირის ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი(3 005) კი მე-7 პოზიციამდე დაწინაურდა.

-100 კგ წონით კატეგორიაში ქართველ ძიუდოისტებს შორის საუკეთესო შედეგი აქვს ონისე სანებლიძეს (3 110), რომელმაც ტურნირის ოქროს მედალი დაისაკუთრა მე-7 პოზიაციაზე გადაინაცვლა. მის ქვევით მე-8 ადგილზეა ილია სულამანიძე. რეიტინგის ლიდერი კი პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკაა.

+100 კგ წონით კატეგორიის ლიდერი გახდა გურამ თუშიშვილი, რომელიც ტურნირზე არ გამოსულა, თუმცა კონკურენტის უკუსვლით ისარგებლა. ტურნირის გამარჯვებული გელა ზაალიშვილი კი მეშვიდე პოზიციამდე დაწინაურდა და 2754 ქულა მოაგროვა.

ქალების -57 კგ წონით კატეგორიაში კარიერის საუკეთესო შედეგი აქვს ეთერ ლიპარტელიანს (3 988), რომელმაც თბილისურ ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. +78 კგ წონით კატეგორიაში, სოფიო სომხიშვილი 35-ე პოზიციამდე დაწინაურდა და 749 ქულა მოაგროვა. ამ უკანასნელმა გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *