Untitled

ზოგის ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა — კაკალიც არაო. ჩვენი ნაკრების შემთხვევაში კარგა ხანი სხვანაირად იყო: სხვისი ბამბა ჩხრიალებდა, ჩვენი — არა. სხვის კაკალზე აღარაფერს ვამბობ, ის ხომ ჩხრიალებდა და ჩხრიალებდა. და აი, დადგა ნანატრი დღე, როდესაც ჩვენი ბამბაც აჩხრიალდა. დიახ, ჯერჯერობით ისევ ბამბა, მაგრამ… ის აჩხრიალდა.

May be an image of 1 ადამიანი და playing a sportრა არ მოგვისმენია პოსტსაბჭოთა ქართულ ფეხბურთში. ხან ვიძახდით, წავაგეთ, მაგრამ კარგად ვითამაშეთ, ღირსეულად დავმარცხდითო. ხან, ვამბობდით, სანამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მეტოქის ეკონომიკას არ აჯობებს, მანამდე მოგება არ უნდა მოვითხოვოთო. ცხვარიც კი დაგვიკლავს. არადა, ვილი სანიოლი ყოფილა საჭირო.

გუშინდლამდე რუმინეთთან შვიდჯერ გვქონდა ნათამაშები და ხუთჯერ წაგებული. თან, 0:5, 1:5, 0:3… ხოლო ის ორი, რომელიც არ წავაგეთ, 1:1 იყო. და აი, როგორც იქნა მოვიგეთ.

სანიოლმა, პირველ ტაიმში ჩვენი თამაში არ მომეწონაო. არც ჩვენ მოგვწონებია. რუმინეთმა ვერ ივარგა, ერთ ეპიზოდში კი ჩვენმა მეკარემ, ლაზარე კუპატაძემ ითამაშა საუცხოოდ, თორემ ინიციატივის და ბურთის ასეთი დათმობა სხვასთან კარგად არ დამთავრდება. სხვასთანო, რომ ვამბობ, კაკლიანს ვგულისხმობ, მოჩხრიალეს.

ნუ, მეორე ტაიმში რუმინელებმა პენალტი ვერ გაგვიტანეს. ააცილეს.

May be an image of 6 ადამიანი, ხალხი დგას, people playing sports და ტექსტი, რომელიც შეიცავს '301 EXIT 304 EXIT GFF'და ბარემ, პენალტის ხსენებაზე… ჩემი აზრით, ბატონი მსაჯი, სიდოროპულოსი არ ვარგოდა. ჯერ ერთი, მამაცხონებულო, გუნდები ამხანაგურად თამაშობენ, აცადე, რა. ხომ ხედავ, რაღაცას ამოწმებენ, რაღაცის დახვეწა უნდათ. დიდ ფეხბურთში, თერთმეტი თერთმეტზე უნდათ ვარჯიში, ათი ათზე კი არა. ან იმ რუმინელ ტანასეს რატომ აგდებდი, ან ჩვენს კვირკველიას? ამხანაგურ შეხვედრებში, მითუმეტეს, როდესაც არავინ არავის კლავს, მსაჯი არ არის მთავარი ფიგურა. ასეთ დროს მთავარი სპარინგია, გამოცდილების შეძენა და სულაც არ არის აუცილებელი აქეთ-იქით წითელი ბარათი აფრიალო.

ახლა, რაც შეეხება პენალტს. ჩვენს კარში დანიშნულზე რა გითხრათ, ეს უფრო პენალტ-ლაითი იყო. აი, რუმინელთა კარში კი მე-3 წუთზე, ხელით თამაშისთვის თერთმეტმეტრიანი დარტყმა ნაღდად უნდა დანიშნულიყო. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში. ისე კი, მგონი, ამ ბოლო დროს მსაჯებიც კარგად დაშინდნენ. თუ მცველი ბურთს ხელში არ დაიჭერს და თვითონ არ მიიტანს თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან, ისე ხელით თამაშზე პენალტს აღარ ნიშნავენ.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ორივე ნაკრები მოედანზე ექსპერიმენტული შემადგენლობით იყო და მინდა ვთქვა, რომ დებიუტანტებმა ივარგეს. კუპატაძეც კარგი იყო და ირაკლი აზაროვიც — განსაკუთრებით ბოლო წუთებში, დაღლილი, რატომღაც ორ მეტოქეს რომ შეატოვეს თავის ფრთაზე.

May be an image of 6 ადამიანი, ხალხი დგას და შიგნითძალიან გამიხარდა, გიორგი (თუ ჟორჟ?) მიქაუტაძემ გოლი რომ გაიტანა. ახლა უფრო ყოჩაღად იგრძნობს ნაკრებში თავს. თან, სულ კარში დარტყმას ცდილობდა, რაც ძალიან კარგია.

გრიგოლ ჩაბრაძეც არ გაჩერებულა. იბრძოდა, ტრიალებდა, ბზრიალებდა.

მაგრამ, ყველაზე მეტად რა მომეწონა, იცით? საქართველოს ნაკრებმა ანგარიში რომ გახსნა, ბიჭებს სათადარიგოთა სკამიდან „არ ვჩერდებითო“ დაუძახეს. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ყველაზე კარგი თვისება, რომელიც ვილი სანიოლის მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ გამოიკვეთა. რუმინეთში ვთამაშობ? მერე, რა. ერთი გაგიტანე და მეორესაც გაგიტან. ესპანეთი, შვედეთი ან საბერძნეთი ხარ? იყავი, რა. ვინც გინდა ის იყავი, ჩვენ მაინც „არ გავჩერდებით“.

ერთი სიტყვით, მოვიგეთ და კარგი იყო. ბლოგში თამაშის დაწვრილებით აღწერა არ მიცდია და ალბათ ბევრ ისეთ ასპექტს ავუარე გვერდი, რომელსაც სხვები იტყვიან, მაგრამ რისი თქმაც მინდოდა და ყველაზე მეტად რაც გამიხარდა, ის თავშივე აღვნიშნე: კარგია, ბოლოს და ბოლოს ჩვენი ბამბაც რომ აჩხრიალდა. ახლა, ნელ-ნელა კაკალზე უნდა გადავიდეთ.

May be an image of 11 ადამიანი და ტექსტი, რომელიც შეიცავს 'FIFA UEFA 16 19 13 16 6 10 OR P'

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *