25 თებერვალს ეროვნული ლიგა იწყება… რიგით 35-ე ჩემპიონატი. 10 გუნდი მეტ-ნაკლები შანსებით. ბევრი ფიქრობს, რომ ისევ ორი დინამო იბრძოლებს ჩემპიონობისთვის: თბილისელებსაც და ბათუმელებსაც კარგი გუნდი ჰყავთ. თუმცა გაძლიერდა ქუთაისის ტორპედო, რომელმაც გასული სეზონის ბოლო თვეები ძლიერად ჩაატარა და ცალკე საქართველოს თასიც მოიგო.
შარშან გორის დილა და წყალტუბის სამგურალი სულ ცხრილის ზედა ნაწილში ტრიალებდნენ. საბოლოოდ დილა გავიდა მესამეზე და სამგურალი ისევ ევროტურნირებს მიღმა დარჩა. წლეულს რა როგორ იქნება, არ ვიცით, მაგრამ უნდა ველოდოთ, რომ ისევ ზედა ადგილებისთვის იბრძოლებენ.
საინტერესო იქნება საბურთალო ომარ თეთრაძის მწვრთნელობით. ვინც არ იცის: თეთრაძე ერთ დროს რომაში თამაშობდა, საქართველოში კი, პირველ ეროვნულ ჩემპიონატში ოზურგეთის მერცხალში გახლდათ. საინტერესო ფიგურაა. სიურპრიზებს ყველა გუნდისგან შეიძლება ველოდოთ: შუქურასგან, სამტრედიასგან, გაგრასგან, თელავისგან.
ერთს ვისურვებდით, რომ მეტი იყოს სანახაობრივი მხარე, ნუ იქნება ბევრი დაჰკა-გადააგდე. ამასთან გუნდებმა მეტი აქცენტი გააკეთონ ახალგაზრდებზე, სწორი სელექცია იყოს და ლამაზი გოლები ვნახოთ.
თორნიკე ოქრიაშვილი გაგრაში, ნიკა კაჭარავა ტორპედოში, გიორგი ხარაიშვილი დინამო თბილისში, ლუკა ზარანდია და გურამ გიორბელიძე დინამო ბათუმში – კარგი დაბრუნებებია…
პირველი ტური, გახსნის თამაში იქნება სამტრედიაში, სადაც იმერული გუნდი თელავს უმასპინძლებს.
იმავე დღეს გორში დილა მიიღებს დინამო თბილისს.
სრულად:
25 თებერვალი
15:00. სამტრედია-თელავი (სამტრედიაში)
19:00. დილა-დინამო თბ (გორში)
26 თებერვალი
15:00. გაგრა-სამგურალი (თბილისში, ილია კოკაიას ზესტაფონის ბაზაზე)
17:00. საბურთალო-ტორპედო (რუსთავის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში)
20:00. დინამო ბთ-შუქურა (ბათუმში)
ჩემპიონები აქამდე გამართულ 34 სეზონში:
19 – დინამო თბილისი
4 – ტორპედო
2 – ვიტ ჯორჯია, ზესტაფონი, ოლიმპი/მეტალურგი (რუსთავი)
1 – სიონი, დილა, სამტრედია, საბურთალო, დინამო ბათუმი
საინტერესოა, რომ ბოლო სამ ჩემპიონატში ლეგიონერები გახდნენ ბომბარდირები: 2020 – უკრაინელი კოვტალიუკი (დილა), 2021 – სერბი მარუშიჩი (დინამო თბილისი), 2022 – ბრაზილიელი ფლამარიონი (დინამო ბათუმი)