მექსიკის ქალაქ აკაპულკოში სტარტი აიღო ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირმა. პირველივე რაუნდში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა – მსოფლიო რეიტინგის 1045-ე ჩოგანმა ფელიციანო ლოპესმა 7:6 6:4 სძლია კრისტოფერ იუბენქსს(N 105) და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.
შეხვედრის სტარტზე ამერიკელი ოდნავ უკეთესად გამოიყურებოდა – მეოთხე გეიმში 2 ბრეიკპოინტი გამოიმუშავა, თუმცა მათი რეალიზება ვერ შეძლო. მე-10 გეიმში, 5-4-ზე კრისტოფერს 4 სეტპოინტი გააჩნდა, თუმცა ლოპესმა დროულად მოახერხა მობილიზება და სეტი გადაარჩინა.
პარტიის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც კრისტოფერი ვერგამოყენებული შანსების გამო დაისაჯა – ესპანელმა “საჩოგბურთო ლატარეა” 7:3 მოიგო.
მეორე სეტში “თამაში აირია” – ფელიციანომ მიღებაზე ბევრად უკეთესად დაიწყო ასპარეზობა. 41 წლის ესპანელმა ამჯერად პირველმა შეასრულა ბრეიკი და 4:2 დაწინაურდა. იუბენქსი დროულად “გამოცოცხლდა” და უკუბრეიკი გაშანსა 4-4.
ლოპესმა კოლოსალური გამოცდილების ფონზე მორიგი ბრეიკი შეასრულა და შემდეგ წარმატებითაც ჩააწოდა მატჩის მოსაგებად 7:6 6:4.
41 წლის ფელიციანო ლოპესმა წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ შეძლო ATP TOUR-ზე ოფიციალური მატჩის მოგება. ბოლოს ვეტერანმა ესპანელმა მარკ ანდრეა ჰუსლერი დაამარცხა გშტაადის ტურნირზე (2021 წლის ივლისში).
აკაპულკოს ტურნირის მეორე წრეში, ფელიციანო ლოპესი ფრანსის ტიაფოს დაუპირისპირდება.