ესპანეთის ლა ლიგა 13 აგვისტოს იწყება და სწორედ იმ მატჩით იხსნება, რომელიც ძალიან გვაინტერესებს: ვალენსია-ხეტაფე. სხვა დროს ერთი რიგითი თამაში იქნებოდა და საქართველოში მხოლოდ ღამურების ფანები დაელოდებოდნენ მოუთმენლად, ახლა კი… შესაძლოა, გიორგი მამარდაშვილმა ითამაშოს ლა ლიგაში.
ესპანურმა Eldesmarque-მ გულშემატკივრების გამოკითხვა ჩაატარა: ვინ უნდა იდგეს კარში ხეტაფესთან?.. მამარდაშვილმა დიდი უპირატესობით მოიგო – ხმების 73 %. ნიდერლანდელი იესპერ სილესენი – 22 %, ხაუმე დომენეკი – 3 %, კრისტიან რივერო – 2 %.
სილესენსა და დომენეკს კვლავ ტრავმა აწუხებთ. ესპანური პრესა წერს, რომ ერთ-ერთს ვალენსიიდან წასვლა მოუწევს და ამის მიზეზი სწორედ მამარდაშვილის სწრაფი პროგრესია: ქართველმა მშვენივრად ჩაატარა წინასასეზონო მატჩები. დღეს დაიწერა, რომ დომენეკს გაყიდიან, ან გაანათხოვრებენ…
სილესენს და დომენეკს არც ამ ზაფხულამდე ჰქონიათ დიდი რეიტინგი. ვალენსიაში ორივე მათგანი არასტაბილური იყო.