ეროვნულ ლიგაში 24-ე ტურის მატჩები გაიმართა. თუ აქამდე დინამო ბათუმსა და დინამო თბილისს შორის ქულათა სხვაობა 3 იყო, ამ წუთისთვის უკვე 5 გახლავთ.
ყველაზე საინტერესო შეხვედრა სწორედ ბათუმში გაიმართა. დინამო ბათუმმა ლოკომოტივს უმასპინძლა და 7:3 დაამარცხა. ამ შეხვედრაში მაყურებელმა ლამაზი გოლები, ქამბექები და ბევრი საინტერესო ეპიზოდი იხილა. აღსანიშნავია, რომ 10-დან 9 გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ბათუმელთა მხრიდან 2-2 ბურთი ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი ფანცულაიამ შეაგდეს, თითო გოლი კი გიორგი ნავალოვსკიმ, ირაკლი აზაროვმა და გიორგი გაფრინდაშვილმა გაიტანეს. ლოკომოტივის მხრიდან თავი ბექა დარცმელიამ, თორნიკე კირკიტაძემ და მამია გავაშელიშვილმა გამოიჩინეს. სათქმელია, რომ კირკიტაძემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. დინამო ბათუმი 50 ქულით ცხრილის სათავეშია და უახლოეს მდევარ დინამო თბილისს 5 ქულით ჯობნის, ლოკომოტივი კი 36 ქულით მე-5 პოზიციაზეა.
წყალტუბოში იმერული დერბი გაიმართა, სამგურალმა სამტრედიას უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. სოსო ფრუიძის შეგირდები პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს იგებდნენ და ერთიც მეორე ნახევარში შეაგდეს. სერგო კუხიანიძემ დუბლი შეასრულა, ალექსანდრე ვერულიძემ და პაპუნა ფონიავამ თითო ბურთი შეაგდეს. სამგურალი 33 ქულით მე-6 ადგილზეა, სამტრედია კი 13 ქულით ცხრილის ფსკერზე გახლავთ და მე-9 ადგილოსან შუქურას 8 ქულით ჩამორჩება.
ქუთაისში ტორპედომ შუქურა მიიღო და 2:1 დაამარცხა. ქუთათურებმა კარგი მატჩი ჩაატარეს და დამსახურებული 3 ქულა აიღეს. იმერელთა მხრიდან გოლები მეჰდი ბუკასმა და თორნიკე ახვლედიანმა გაიტანეს, შუქურადან კი ჯეფერსონ ჯერალდომ შესანიშნავი ჯარიმა შეაგდო. ტორპედო 25 ქულით მე-7 ადგილზეა, შუქურას კი 21 ქულა აქვს და მე-9 პოზიციას იკავებს.
საბურთალომ მიხეილ მესხის სახელობის არენაზე თელავს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად თბილისელები მიიჩნეოდნენ, ხვიჩა შუბითიძის გუნდმა 3 ქულა ქამბექით აიღო. სამივე გოლი ბოლო 15 წუთში გავიდა, 75-ე წუთზე თემურ ჩოგაძემ შეაგდო, 2 წუთში გიორგი გოჩოლეიშვილმა მცველის შეცდომა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა, 93-ე წუთზე კი საბურთალოს გერმანელმა ახალწვეულმა საიმონ ზეფერნიგსმა გაიტანა. საბურთალო 39 ქულით მესამე ადგილზე დაწინაურდა, თელავს 25 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა.
დინამო არენაზე დინამო თბილისმა გორის დილას უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ სახიფათო მომენტები ორივე კართან საკმაოდ იყო, გოლი არ გასულა. დინამომ ზედიზედ მეორე თამაში ვერ მოიგო და ამით ჩემპიონობის შანსი შეიმცირა. კახა ცხადაძის გუნდს 45 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და დინამო ბათუმს 5 ქულით ჩამორჩება. გორის დილა 39 ქულით მე-4 პოზიციაზეა.
25-ე ტური
შუქურა – დინამო თბილისი
სამტრედია – ტორპედო
თელავი – დინამო ბათუმი
დილა – საბურთალო
ლოკომოტივი – სამგურალი
ფოტო: ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდი