ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა ლას-ვეგასში მეოთხე საგამოფენო მატჩი გამართა და დაასრულა მზადება ტოკიოს ოლიმპიადისთვის.
ამერიკელებმა 83:76 სძლიეს ესპანეთის ნაკრებს და ოდნავ გამოიკეთეს ხასიათი.
გრეგ პოპოვიჩმა „ოცნების გუნდის“ სასტარტო ხუთეულში დურანტი, გრინი, ტეიტუმი,ლავინი და ლილარდი ათამაშა, მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებს(ესპანეთს) კი ასეთი შემადგენლობა ყავდათ:აბალდე, კლავერი, ფერნანდესი, პ.გასოლი და რუბიო.
შეხვედრის სტარტი ამერიკელებს უკეთესი გამოუვიდათ და 9:3 დაწინაურდნენ, თუმცა ესპანელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო შემდეგ პირველი მეოთხედიც მოიგეს 18:14.
მეორე პერიოდის მიმდინარეობისას ევროპელთა ჰანდიკაპმა +9-ს მიაღწია 27:18. ნაკრებიდან წასული კევინ ლავის ნაცვლად გრეგ პოპოვიჩმა ძირითად გუნდში ახალგაზრდა კელდონ ჯონსონი აიყვანა.“პოპმა“ ძალიან კარგად იცის ჯონსონის პოტენციალი, ვინაიდან „სან ანტონიოში“ თვითონ „გამოზარდა“ კელდონი.
ახალგაზრდა ამერიკელმა მიღებული ნდობა გაამართლა – „დადებითი მუხტით“ შემოვიდა პარკეტზე, 9-დან 7 ბურთი ჩააგდო, დააგროვა 15 ქულა და მასპინძლებს დაეხმარა შეემცირებინათ მეტოქესთან ჩამორჩენა36:38.
მეორე ტაიმში „ოცნების გუნდმა“ ესპანელები პერიმეტრიდან „დაბომბა“ სამქულიანებით და შეხვედრაში გადამწყვეტი უპირატესობაც მოიპოვა.კევინ დურანტმა, დამიენ ლილარდმა და ზაკ ლავინმა ჯამში 9 შორეული ტყორცნა გამოიყენეს და მატჩში ყველანაირი ინტრიგა მოკლეს.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე „პორტლენდის“ გამთამაშებელი დამიენ ლილარდი გახდა, რომელმაც 19 ქულა აიღო, კევინ დურანტმა 14 ქულა დააგროვა.
ესპანელთა რიგებში გამოირჩა რიკი რუბიო, რომელმაც ამერიკის ნაკრებს 23 ქულა ჩაუგდო.
ამერიკელთა “Dream Team”-მა ოლიმპიადის წინა მოსამზადებელ ეტაპზე 4 მატჩი გამართა, საიდანაც 2 მოიგო და ორში დამარცხდა(წააგო ნიგერიასთან და ავსტრალიასთან, მოუგო არგენტინას და ესპანეთს).
„ოცნების გუნდი“ ოლიმპიურ თამაშებს 25 ივლისს საფრანგეთთან მატჩით ხსნის, 28-ში ამერიკელები ირანს დაუპირისპირდებიან, 31-ში ჩეხეთს.