ფრანგული L’Equipe წერს: ქართველ მცველ ამირან სანაიას სიმსივნე დაუდგინეს. სანაია საფრანგეთის რანგით მეორე ლიგის კლუბ როდეზში თამაშობს… ბოლო მატჩი 21 სექტემბერს ჩაატარა ოსერთან.
აი, რა განაცხადა როდეზის პრეზიდენტმა პიერ-ოლივიე მურამ: „ამირანის ამბავი ამ კვირაში გავიგეთ. მან პირველი გამოკვლევა ჩაიტარა და მომდევნო კვირაში განმეორებითი ტესტი იქნება ტულუზაში. ბრძოლა ბრძოლაა. ჩვენი კლუბი მისთვის ყველაფერს გაიღებს, რაც კი დასჭირდება. მჯერა, ამირანი მეომარი ხასიათის წყალობით უფრო ძლიერი გახდება და მალე დაგვიბრუნდება“
როგორც შევიტყვეთ, ეს სარკომაა. ზოგადად სიმსივნის ერთ-ერთი ცუდი ფორმაა, მაგრამ დროულად აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობას ჩვეულებრივ ექვემდებარება. ამირანს დაახლოებით პარასკევს ეცოდინება ზუსტი პასუხები. ისე კი, ოპერაცია აუცილებლად დასჭირდება.
სანაია 32 წლისაა. ზესტაფონიდან 18 წლის ასაკში წავიდა საფრანგეთში: იყო ლე მანში, ბასტიაში, ლუზენაკში, პარიში, ლეს ერბიეში და როდეზში.
საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა და 18 წლისა სულაც კლაუს ტოპმიოლერმა ათამაშა ეროვნულ გუნდში. დებიუტი ყატარში ჰქონდა, სადაც საქართველომ 2:1 მოიგო.
ამირანს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!